რატომ არ ”ასესხა” ფული ცენტრალურმა ბიუჯეტმა თბილისის ბიუჯეტს?

”თუ მიდგომები საბიუჯეტო პროცესის მართვაში არ გამოსწორდება, ამან შეიძლება ლარის დევალვაცია, ინფლაციური პროცესების სტიმულირება და სავალუტო რეზერვის გაფლანგვა გამოიწვიოს”

თბილისის მერია კომერციული ბანკებიდან 30 მილიონი ლარის სესხს აიღებს. ეს საკითხი თბილისის საკრებულოში საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე უკვე განიხილეს და დაკმაყოფილდა. რა საფრთხეებს შეიცავს მერიის ბიუჯეტის კომერციული ბანკების დახმარებით შევსება და რატომ არ მოხდა აღნიშნული თანხის საერთო ბიუჯეტიდან გამოყოფა, ამ საკითხებზე bpn.ge ეკონომიკის ექსპერტებს ესაუბრა.

როგორც ლევან კალანდაძე აღნიშნავს, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი, საწყისი ეტაპიდან, იმპლემენტაციის პროცესის ჩათვლით, არასწორად მიმდინარეობს უკვე მეორე წელია. ”ბოლო პერიოდში, ქვეყანაში ბიუჯეტს ვიღებთ არა როგორც ეკონომიკურ, რაციონალურ გათვლებზე დამყარებულ ფინანსურ დოკუმენტს, არამედ პოლიტიკურ დოკუმენტს. შესაბამისად ბიუჯეტი პოლიტიზირებულია და მოლოდინები ზედმეტად ოპტიმისტურად არის დაგეგმილი. წელსაც, ისევე როგორც შარშან, გრძელდება ბიუჯეტში პრობლემების შექმნის ტენდენცია”.

კალანდაძის თქმით, თუ 2013 წელს პრობლემები მხოლოდ ცენტრალურ ბიუჯეტს შეექმნა, 2014 წელს უკვე ქალაქის ბიუჯეტიც დაზარალდა.

როგორც კალანდაძე ამბობს, უკეთესი გამოსავალი დანაკლისის ცენტრალური ბიუჯეტის სუბსიდირების ხარჯზე შევსება იყო. კომერციული ბანკებიდან სესხის აღება იმის ფონზე, რომ ქალაქის ბიუჯეტს უკვე აქვს ფინანსური პრობლემები, ”ძვირი სიამოვნებაა” . ”ჩემი აზრით, ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერის გაზრდა უფრო იაფი, რაციონალური და მისაღები იქნებოდა ზოგადად, საბიუჯეტო სისტემისთვის” - აღნიშნავს ექსპერტი.

ლევან კალანდაძე გრძელვადიან მაკროეკონომიკურ ანალიზსაც აკეთებს და განმარტავს, თუ არ გამოსწორდება მიდგომები საბიუჯეტო პროცესის მართვაში, ამან შეიძლება ლარის დევალვაცია, ინფლაციური პროცესების სტიმულირება და სავალუტო რეზერვის გაფლანგვა გამოიწვიოს.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მერიის მიერ კომერციული ბანკებისგან სესხის აღების ინიციატივასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტს, სოსო არჩვაძეს. მისი განმარტებით, მსგავს შემთხვევებს ქვეყნის საბიუჯეტო მოწყობის შესახებ კანონი უშვებს. ”ხელისუფლებას, ბოლო წლებში ბევრჯერ აუღია სესხი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როდესაც ცენტრალურ ბიუჯეტსაც პრობლემები აქვს, ეს მისაღები ფორმაა, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს სწორად. პრიორიტეტების გადანაწილება უნდა მოხდეს სწორად და არ უნდა ხორციელდებოდეს ისეთი პროექტები, რომლებიც საზოგადოებას და ქალაქს, რელურად, არაფერს აძლევს”, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

თამარ კორკოტაშვილი