ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების აუდიტორულ შეფასებას საქართველოს აუდიტის სამსახური მოახდენს, ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული ინსტიტუტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის შეფასებისას, არჩილ თალაკვაძემ სამსახურის ხელმძღვანელსა და თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დანერგილ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
„90 აუდიტორული შეფასება, საჯარო სექტორის 85%-იანი დაფარვა, 12 ეფექტიანობის ანგარიში, - მივესალმებით, რომ იზრდება ეფექტიანობის შეფასების მნიშვნელობა, ასევე, მივესალმებით იმ სიახლეებს, რომელიც რეკომენდაციების მონიტორინგის სისტემას უკავშირდება, - უდავოდ, გასაღები, რომელიც პარლამენტს ამ სისტემაზე გადაეცემა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ბერკეტი ჩვენთვის, რომ უფრო ინტენსიური მონიტორინგი გავუწიოთ პროცესს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.