ირაკლი კოვზანაძე - სახელმწიფო აუდიტის მიერ ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 85 % მდე გაიზარდა

სახელმწიფო აუდიტის მიერ ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 85 % მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ჩატარებული აუდიტების რაოდენობის და რეკომენდაციების შესრულების ზრდაზე.

„2018 წელს სამსახურის საქმიანობის შედეგად ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 4%-ით და შეადგენს 85%-ს, რაც ნიშნავს, რომ ჩატარებულმა აუდიტებმა მოიცვა 11 მლრდ. ლარი, ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია (შეგახსენებთ, რომ წინა წელს ეს მაჩვენებელი 9.5 მლრდ. ლარს უდრიდა)“- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაზრდილია 43%-მდე სამართალდამცავ ორგანოებში კი გადაგზავნილია 33 აუდიტის მასალა. ითქვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მიმართებით გაზრდილია ნდობის ხარისხი საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. ამასთან, 2018 წლის ანგარიში პირველი ანგარიშია, რომელსაც თან ერთვის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრი კომპანია „დელოიტ და ტუში“-ს მიერ გაცემული დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებაზე. გაცემული დასკვნა უპირობოა, რაც მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მაღალ სტანდარტზე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს ცნობად მიიღოს სახელწიფო აუდიტის 2018 წლის ანგარიში.