რომან კაკულია აუდიტის სამსახურის ანგარიშზე - სხვადასხვა სამინისტროში ხშირ შემთხვევაში, არის არაერთგვაროვანი მიდგომები და ამის ანგარიშში ასახვა იქნებოდა ძალიან საინტერესო

მნიშვნელოვანი იქნებოდა, ანგარიშში პროცესების აუდიტის გამოყოფა, ვინაიდან არაერთგვაროვანი მიდგომებია ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროში და ამის ანგარიშში ასახვა იქნებოდა ძალიან საინტერესო“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები სახელმწიფო აუდიტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენდნენ და დაინტერესდა ამ საკითხზე გენერალური აუდიტორის მოსაზრებებით.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში, სამინისტროებში, გარდა იმისა, რომ ხარჯავენ თანხებს, მმართველობითი პროცესები არის არაერთგვაროვანი, პრინციპში ინსტიტუციონალურად გამოკვეთილი არ არის, ვინ რა უნდა გააკეთოს - კი არის მთავრობა, პრემიერ-მინისტრი თავისი აპარატით, რომელმაც უნდა აკონტროლოს იქ პროცესების მიმდინარეობა, მაგრამ პროცესები მაინც სხვადასხვანაირად მიდის.

„ჩნდება კითხვა, რამდენად ერთგვაროვანია მმართველობის მიმდინარეობა თითოეულ სამინისტროში. ზოგი მინისტრი საერთოდ არ ატარებს თათბირს, მეორე მინისტრს საერთოდ არა აქვს კონცეპტუალური დოკუმენტი, მესამე სულ სხვა სახელს უწოდებს ამ დოკუმენტს, ზოგან იერარქიულობა საერთოდ დარღვეულია. შემოწმების ნაწილში, როდესაც ეფექტურობაზეა საუბარი, ფიქრობთ თუ არა სამომავლოდ თქვენ ამ თემის გამოყოფას ეფექტიანობის აუდიტში, რომ თვითონ სახელმწიფო უწყებების მმართველობის ეფექტიანობაში მიდგომები, პროცედურები იყოს გაანალიზებული და ამის შესახებ ანალიზიც მიიღოს პარლამენტმა. ესაა შეფასების არაფინანსური ნაწილი. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანები ზუსტად ხარჯავდნენ, ზოგადად შეიძლება თქვა, რომ თუ შედეგს მიაღწიე, როგორც გინდა მიაღწიე, მაგრამ ასე არ არის საქმე. საინტერესოა დამოკიდებულება ზოგადად ადამიანების მმართველობის სისტემის მიმართ, მე, უბრალოდ, ძალიან კარგად ვიცი სახელმწიფო სტრუქტურები და არის არაერთგვაროვანი მიდგომები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სამინისტროში და ამის შესახებ ანგარიშში ასახვა იქნებოდა ძალიან საინტერესო“, - განაცხადა რომან კაკულიამ.