საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პროექტების შესრულების დინამიკა და ტემპი არის ძალიან მაღალი და ასეთი დინამიკა სამინისტროს წლების განმავლობაში არ ჰქონია.
„9 თვის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში ბიუჯეტი 108%-ით შესრულდება. ასეთივე მონაცემები გვაქვს მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტის შესრულებასთან მიმართებაშიც. აქვე აღვნიშნავ, რომ პროექტების შესრულების ასეთი მაღალი დინამიკა სამინისტროს წლების განმავლობაში არ ჰქონია. ეს არის იმ ცვლილებების შედეგი, რომლებიც განვახორციელეთ პროექტების მართვაში. დიდი საგზაო პროექტების დასრულება 2, 3 ან ზოგჯერ 4 წელიც სჭირდება. თუმცა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთები 2020 წელს შევა ექსპლოატაციაში. მაგალითად, იგეგმება ქუთაისის შემოვლითი გზის დასრულება, ხაშურის გზის მონაკვეთის და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა წყალმომარაგებისა კუთხით დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამოსწორება ძალიან დიდ ინვესტიციას საჭიროებს. ძალიან ბევრგან მოსახლეობას წყალმომარაგება ან არ აქვს ან არ მიეწოდება 24 საათიან რეჟიმში ან აქვს ისეთი ძველი სისტემა, რომ ზოგჯერ წყლის ხარისხი არ შეესაბამება სასმელი წყლის სტანდარტს.
„წყლის სამუშაოები ბევრად უფრო მეტ ინვესტიციას საჭიროებს, ვიდრე გაზის გაყვანის სამუშაოები. თუმცა, დღეის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოების 60% დაფარულია წყალმომარაგების სისტემებით. ამდენად, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ, მაგრამ იმ 256 მილიონი ლარის ინვესტიციების ჩადების შემდეგ ჩვენ 2020 წელს დაახლოებით 70 ათასი აბონენტისთვის შევძლებთ სასმელი წყლის მიწოდებას. წყალარინების ნაწილში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრად უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი,“-განაცხადა მინისტრმა.
მისი განმარტებით, 2019 წელს წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა წყალმომარაგება-წყალარინების პროექტების დაფინანსება, ხოლო 2020 წელს დაახლოებით 20%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. გარდა იმისა, რომ იგეგმება დაწყებული პროექტების დასრულება, დაგეგმილი ახალი პროექტების დაფინანსებაც.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.