საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია ერთი მხრივ, სოციალურ პასუხისმგებლობაზე და მოქალაქეების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
„როგორც იცით, მივიღეთ გადაწყვეტილება და პენსიონერებისთვის გავითვალისწინეთ პენსიების ორეტაპიანი მომატება. ამასთან, სახელმწიფოს განსაკუთრებულად ზრუნავს მასწავლებლებზე, რაც მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის თვალსაზრისითაც, რადგან მოგეხსენებათ, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდა არის არა მხოლოდ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ მასწავლებლის პროფესიისთვის პრესტიჟის დაბრუნება და მათი ხელფასების ზრდა დაკავშირებულია განათლების სექტორში კვალიფიკაციის ამაღლებასთანაც. ამდენად, ეს არის სისტემაში ხარისხის მატებაზე ორიენტირებული ქმედება და არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში იზრდება კაპიტალური ხარჯების ნაწილიც, რაზეც სულ, 3.7 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. კვლავ იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიც.
„მიუხედავად იმისა, რომ ზრდა არ არის ისეთი, როგორც წინა წლებში, 2020 წელს ჩვენ შევძლებთ 2 მილიარდ 70 მილიონი ლარის პროექტების დაფინანსებას,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, წარდგენილი ბიუჯეტი ეყრდნობა იმ შესაძლებლობებს, რაც აქვს ქვეყანას და იგი გათვლილია 5%-იან ზრდაზე, ეს კი 2020 წელს დაახლოებით 700 მილიონი ლარის დამატებითი შემოსავლის მიღებას ნიშნავს.
„ბუნებრივია, ბიუჯეტი ვერ მოახერხებს წყალისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული ყველა იმ საჭიროების დაკმაყოფილებას, რაც ხშირ შემთხვევაში ათწლეულობით დაგროვილ პრობლემას უკავშირდება. ამიტომ, წლის განმავლობაში ვიმუშავებთ იმაზეც, რომ ბიუჯეტის უფრო ეფექტიანი მართვის შედეგად შესაძლებელი გახდეს მეტი რესურსის გამოთავისუფლება დამატებითი კაპიტალური ხარჯების გასაწევად“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.