დონალდ ტრამპმა მსო-ს გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ს უფლებას აძლევს დაუწესოს საბაჟო ტარიფები ევროკავშირს, აშშ-ის გამარჯვებად შეაფასა.ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ერთად მართავდა.
„ეს ამერიკის დიდი გამარჯვებაა. ასეა არაა? წინა პრეზიდენტების დროს ასეთი რამ არ გვქონდა. მას შემდეგ, რაც მე გავხდი პრეზიდენტი, ჩვენ მსო-ში ბევრი გამარჯვება გვაქვს. 7 მილიარდი დოლარი ცუდი არაა“, - დასძინა მან.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ აშშ-ის ხელისუფლებას ოფიციალურად დართო ნება, შემოიღოს საჯარიმო გადასახადი ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე. საბაჟო გადასახადმა შესაძლოა, 100 %-საც მიაღწიოს, ხოლო მათ მიერ დასაბეგრი საქონლის საერთო თანხა 7.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახურში განაცხადეს.
ამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ ევროპული ავიამშენებელი კომპანიის „Airbus“-ის და აშშ-ს მხრიდან მისი კონკურენტის „ბოინგის“ სუბსიდირების ირგვლივ ხანგრძლივი დავა.
ვაშინგტონი და ბრიუსელი ერთმანეთს ადანაშაულებენ და სუბსიდიებს უკანონოს უწოდებენ.
აშშ გეგმავს დაბეგროს თვითმფრინავები, ასევე მთელი რიგი სამრეწველო საქონელი, მათ შორის ყველი, ზეითუნის ზეთი, ფორთოხალი, ფქვილი და სხვა.
2018 წელს ამერიკულმა მხარემ უკვე დააწესა ბაჟი ევროპული ფოლადისა და ალუმინის პროდუქციაზე.