ნათია თურნავა - აბასთუმნის ობსერვატორია უნიკალური სამეცნიერო ცენტრია, მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აბასთუმნის ობსერვატორიის განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპად ჩამოყალიბებას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია მთავრობის პირიორიტეტია, აბასთუმნის ობსერვატორია გამონაკლისს წარმოადგენს.

„მცირე მთავრობის კონცეფცია არის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისი. ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი და უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არამარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოში სულ რამდენიმე არის ასეთი უნიკალური, ასეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის ზრუნვის საგანი არის განათლება და მეცნიერება, აქედან გამომდინარე, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულად შევძლებთ გავაძლეროთ ეს სამეცნიერო კერა - ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ჟურნალისტის კითხვა, იკვეთება თუ არა აბასთუმნის ობსერვატორიასთან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა.