ბევრ ქვეყანაშია ეს პრობლემა, სამგზავრო გადაყვანები არის სუბსიდიის საგანი - ჩვენ ამის სუბსიდირებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქართველოს რკინიგზასთან“ დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მინისტრის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო გადაზიდვების ნაწილი გამოწვევად რჩება, სახელმწიფო ამ ნაწილში კერძო სექტორის შემოყვანას არ აპირებს.
„ჩვენ ვმუშაობთ რკინიგზასთან ერთად, მათ შორის ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში, თუ როგორ გავხადოთ სამგზავრო გადაყვანები უფრო მიმზიდველი. ბევრ ქვეყანაშია ხოლმე ეს პრობლემა, სამგზავრო გადაყვანები არის სუბსიდიის საგანი. ჩვენ ამის სუბსიდირებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, რადგან ვთვლით, რომ მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში და კარგი, ეფექტური მენეჯმენტის პირობებში ეს შესაძლებელია. აქვე მინდა ვთქვა, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ წელს მიაღწია ძალიან კარგ შედეგებს სატვირთო გადაზიდვებში. საკმაოდ გაზრდილია მომგებიანობა, გაზრდილია ფინანსური შემოსავლები, ნაკადები, მიმზიდველობა. ერთის მხრივ, კარგია ეს იმიტომ, რომ ზოგადად რეგიონში და დერეფანში გაიზარდა ტვირთები, კონტეინერების გადაზიდვა გაიზარდა რეკორდულად, ასევე არ უნდა დავუკარგოთ რკინიგზას და მის ახლანდელ მენეჯმენტს ეს დამსახურება. მათ მოახერხეს და მაქსიმალურად გაზარდეს შემოსავლები სატვირთო გადაზიდვებიდან. რაც შეეხება სამგზავროს, ეს ჯერ კიდევ გამოწვევაა და ერთად ვიმუშავებთ ამაზე”- განაცხადა ნათია თურნავამ.