დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლებისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმების თხოვნით პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მიმართეს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ისინი გამოსცემენ ერთჯერად ამნისტიის აქტს.
ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს იქნება დროში გაწელილი პროცესი, ამიტომ კიდევ ერთხელ მიმართავს პრემიერს, რომ ჯარიმების გაუქმება მოხდეს მისი ბრძანებულების საფუძველზე.
"გუშინ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, წერილი გავუგზავნეთ მას და ქალაქის მერს და დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ ისინი ერთჯერად ამნისტიის აქტს გამოსცემენ. ეს მოწოდება იყო პრემიერ-მინიტრის მიმართ ჩვენი მხრიდან, მაგრამ ეს თუ საპარლამენტო პროცედურას დაექვემდებარა, გაიწელება ძალიან დიდხანს. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომ მისი ერთჯერადი ბრძანებულების საფუძველზე გაუქმდეს შესაბამისად ჯარიმები“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. როგორც მან განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და მძღოლები შეცდომაში შეიყვანეს.
მამუკა მდინარაძის თქმით, პატრულთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანხმად, საუბარია 700-ზე მეტ დაჯარიმებულ მძღოლზე.