“ლიცენზიით, რომელიც თბილისის მერიას აქვს დაწესებული, უკეთესი ტაქსი არ მიიღება, მიიღება უფრო ძვირი ტაქსი, თეთრი ფერით”, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მესხიშვილის თქმით, “ტაქსების ბიზნესი გამსხვილდება და ჩავარდება რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელში, ხოლო თვითდასაქმებულები ან ამ ქოლგის ქვეშ მოექცევიან ან საერთოდ გავლენ ბაზრიდან, რადგან გაუჭირდებათ რეგულაციების დაძლევა.
როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია ტაქსების რეგულაციის გადახედვა, რადგან ტაქსით მომსახურება გაძვირებულია, რის გამოც დატვირთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მგზავრთნაკადის გაზრდისთვის მზად არ არის.
“ტაქსების რეგულაციებზე მუშაობა დაიწყო 2016 წელს, როდესაც დავით ნარმანია იყო მერი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც ვიყავით ჩართული. რეალურად, კახა კალაძემ განაგრძნო მაშინ დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებზეც ჩვენ ბევრი მიმართულებით გვქონდა შენიშვნები, მაგრამ მთავარი კითხვა იყო: რისი მიღწევა გსურთ რეგულაციით? მე ამას რეფორმას არ ვუწოდებ, რეფორმა უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და უფრო ხელშესახებ შედეგებს დებს და ეს არის უბრალოდ რეგულაციები. კვლევა არ ჩატარდა, რასაც ვითხოვდით, კვლევის შედეგად უნდა მიგვეღო რეალური სურათი, რა არის გამოსასწორებელი, როგორი ტაქსი სურს საზოგადოებას.
რეგულაციები დაიგეგმა მითქმა-მოთქმის მიხედვით. ვიღაცას ტაქსში არ მოსწონდა ჰიგიენური მდგომარეობა, ვიღაცას არ მოსწონდა მძღოლმა რომ ქუჩები არ იცოდა და ა.შ. ამის მიხედვით დაიგეგმა რეგულაციები. არც ერთ აქტუალურ პრობლემას ეს რეგულაცია არ პასუხობს. მე ის მიკვირს, როგორც წესი, ქალაქის მერი ეკითხება ხოლმე საზოგადოებას რა ფერის ავტობუსი უნდათ, ქვაფენილი დააგოს თუ ასფალტი, მაგრამ ტაქსები იყო ის შემთხვევა, როდესაც საერთოდ არავის არაფერი არ ჰკითხეს, არადა დედაქალაქის მცხოვრებელს შეიძლება ზუსტად ტაქსის ფერი აერჩია, მაგრამ არ ჰკითხეს. ამ რეგულაციებით ვიღებ იმას, რომ კრიზისია შექმნილი მგზავრთა გადაყვანაში და ჩვენ ვეუბნებოდით თბილისის მერიას, რომ ტაქსების რეფორმამ არ უნდა დაასწროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას. მოხდა ისე, რომ ერთ დროს იაფიანი ტაქსი გახდა ძვირი, შესაბამისად, მგზავრთა ნაკადი გაიზარდა ავტობუსების და მეტროს მიმართულებით და ეს ორი უკვე მზად არაა გაზრდილი მგზავრთნაკადის მისაღებად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორგებული გარკვეულ მსხვილ ბიზნესზე. რამდენიმე კომპანია შეიძლება ფიქრობდეს თეთრი ავტომობილების შემოყვანას, ეს არ არის ფაქტებით დადასტურებული, თუმცა გაჩნდა მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ მსხვილი კომპანიების შემოსვლას”,- განაცხადა მესხიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო.