მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილთან და გიორგი ქობულიასთან კონსულტაციები არ ჰქონია

მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან გიორგი ქობულიასთან კონსულტაციები არ ჰქონია.

"გიორგი ქობულიას ჰქონდა საშუალება, რომ რაღაც გაეკეთებინა 1 წლის განმავლობაში. მე ვერ გავიგე ვერანაირი ხედვა და შესაბამისად, მისი პოზიცია მთავრობაში. ახლა რომ წამოვიდა და მერე რაღაც განცხადებებს აკეთებს, არ ვიცი, მისი საქმეა... ჩვენ მასთან კონსულტაცია არ გვაქვს.

გიორგი კვირიკაშვილთან არც ძველად და არც ახლა არ გვქონია არასდროს პოლიტიკურ თემებზე საუბარი. ამას ვსაუბრობ მთელი პასუხისმგებლობით. რომ მქონოდა, აუცილებლად ვიტყოდი, იმის გამო, რომ გიორგი კვირიკაშვილი სადაც იყო, ასრულებდა იმ საქმეს, რასაც ემსახურებოდა. ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი ის ადამიანი არ არის, ერთდროულად ორ სკამზე მჯდარიყო", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მან ჟურნალისტებთან ისაუბრა იმის შესახებ, თუ ვისთან არ აპირებს სამომავლოდ თანამშრომლობას.

"ჩვენ ვსაუბრობთ ყველასთან. გაერთიანება, თანამშრომლობა და საუბარი სხვადასხვა რაღაცაა. გაერთიანებაზე გითხარით, რომ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად. დღეს აბსოლუტურად ნაადრევია ამაზე საუბარი, თუმცა მკაფიოდ ვთქვი, ვისთან არ შეგვიძლია ჩვენ - ეს არის სააკაშვილი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებს. ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ვართ მოსული, კონკრეტული ქმედებისთვის და ქვეყნის ჭაობიდან გამოყვანისთვის", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.