600-ზე მეტი დასრულებული, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსების ამინისტია გაურკვეველი ვადითაა გადადებული. მერის ინიციატივით ერთჯერადი აქტი მომზადდა, რომელიც მობინადრეებს პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებდა.
კანონპროექტი პარლამენტშია, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ,,რეზონანსს” ვერაფერი უთხრეს, თუ რა ეტაპზეა განხილვა. მეტიც, კონკრეტული კანონპროექტის მოძიებაც კი ვერ მოხერხდა.
თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში შესული არ არის, ამნისტია შეეხება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ჯერ კიდევ მაისში განაცხადა. ათასობით მოქალაქეს, რომელიც ამ ტიპის სახლებში ცხოვრობს, გაუჩნდა იმედი, რომ პრობლემა მოუგვარდებოდა.
„600-ზე მეტი ობიექტია დასრულებული, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. შესაბამისად, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ამ შენობა-ნაგებობაში ფლობს ფართებს, რადგან მათი ფასი, საბაზროსთან შედარებით, არის ძალიან დაბალი და ვერ იყენებს ვერაფერში. მაგალითად, მფლობელს კრედიტის გამოტანა თუ დასჭირდა, არც ერთი ბანკი ასეთ ფართს არ მიიღებს. შესაბამისად, ვაკეთებთ ამნისტიას და ეს შენობა-ნაგებობები გვინდა, მივიღოთ ექსპლუატაციაში. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია“, – განაცხადა რამდენიმე თვის წინ კალაძემ.
მას შემდეგ თითქმის 5 თვე გავიდა და ამ დრომდე ამნისტია არ გამოცხადებულა. მოქალაქეებს კვლავაც აქვთ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში კომუნიკაციების შეყვანისა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარების პრობლემა.
,,რეზონანსს” თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ მათი მხრიდან კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, თუმცა ჯერ საკომიტეტო მოსმენებიც კი არ გამართულა. ამის შემდეგ მივმართეთ პარლამენტს, სადაც პროექტი მთელი დღის განმავლობაში ვერ მოიძიეს. რასაკვირველია საკანონმდებლო ორგანოში არც ის იციან, როდის დაიწყება კალაძის ინიციატივის განხილვა ან საერთოდ მოასწრებს თუ არა ამ მოწვევის პარლამენტი მეტად მნიშვნელოვანი ცვლილების მიღებას.
სანამ დედაქალაქის მთავრობა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გაერკვევიან, რა უნდა განიხილონ და რომელი კომიტეტის კომპეტენციაში შედის ამ კანონპროექტისთვის მწვანე შუქის ანთება, თბილისელებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ექსპლუატაციაში მიუღებელ ბინებში ცხოვრობენ.
ნაძალადევის რაიონში, დღემდე ასეთ კორპუსში ცხოვრობს დალი ჟველია. მას მერის ინიციატივამ იმედი გაუჩინათ, რომ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეძლებდა, თუმცა პარლამენტში კანონის მიღება დროში იწელება. მოსახლეობამდე კი ხმები მიდის, რომ ეს მშენებლების მხრიდან ლობირების "დამსახურებაა".
,,კორპუსი, რომელშიც რამდენიმე წელია ვცხოვრობთ, 1-სადარბაზოიანი და 6-სართულიანი სახლია, ფირმა ,,აპოლოს” მიერ აშენებული, მშენებელი ვინმე მესხიაა. პროცესი აბსოლუტურად არასწორადაა წარმართული, ორ თვეში ერთხელ მაინც იჭედება კანალიზაცია და გვიწევს გაკეთება. დღემდე არ მუშობს ლიფტი. რატომ ვიყიდდი სახლს 6 სართულზე, თუ ლიფტი არ იქნებოდა? ვართ საშინელ მდგომაროებაში. წყალი ძალიან ცუდად მოდის, მაღალ სართულებზე ჭავლი არ ყოფნის. ნაძალადევის რაიონში, კერძო დასახლებაში უყიდია მშენებელს თავის დროზე 1 ეზო და იქ აქვს აშენებული მრავალბინიანი სახლი და წარმოიდგინეთ გვერდზე მეზობლის წყალზე ვართ დაერთებული. ვერ ვიგვარებთ ვერანაირ პრობლემას. გამგეობას მივმართე, უპრობლემოდ დამთანხმდნენ თანადაფინანსებაზე და ლიფტიც უნდა გაკეთებულიყო, გარე ტერიტორიაც მოწესრიგებულიყო. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან სახლი არ არის აღრიცხვაზე. როცა მერმა ეს ინიციატივა წარადგინა, გვეგონა, ჩვენი რთულ პირობებში ცხოვრება დასრულდებოდა ამ ერთჯერადი აქტით. ახლა კი, კანონის მიღება პარლამენტში უსასრულოდ ჭიანურდება, ჩვენ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, მიზეზი მშენებლების ლობია, რადგან არა მხოლოდ ჩვენი სახლების ექსპლუატაციაში მიღება, კანონში გაწერილი დარღვევების სანქცირება არ აძლევთ ხელს. ამიტომ გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველა უწყებას და ინსტანციას, რათა ჩვენს კუთვნილ სახლებში, ადამიანური პირობების შექმნის საშუალება მოგვეცეს”, - აღნიშნა დალი ჟველიამ ,,რეზონანსთან” საუბრისას.
სპეციალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. ამნისტიის ფორმა არ მოსწონს და კანონდარღვევის წახალისებად მიიჩნევს, ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე. მისი აზრით, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ჯერ ხარვეზებს დაადგენს და შემდეგ დროს მისცემს მშენებლებს გამოსასწორებლად.
,,საერთოდ არ მესმის რა ფორმაა ამინისტია. ერთგვარად კანონდამრღვევთა წახალისებაა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყანაში, რომ მშენებლობა არ არის მარტივი საქმე, უამრავ წესს და ნორმას საჭიროებს და ამის გარეშე აშენებულ სახლზე პასუხისმგებლობა ვინმემ უნდა აიღოს. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ჯერ ხარვეზებს დაადგენს, შემდეგ კი მათ გამოსასწორებლად დროს მიცემს მშენებლებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ექსპლუატაციაში მიღება. იქ უმარავი კომპონენტია, წყალგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემა, შენობის უსაფრთხოება და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა იქნას გათვალისწინებული”, - განუცხადა "რეზონანსს" ურბანისტმა.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"