დიდ ბრიტანეთში „ქართული ღვინის ფესტივალი“ იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალი მოიცავს დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ. ღონისძიების ორგანიზატორია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანია „Swirl Wine Group“.
„ქართული ღვინის ფესტივალი“ უკვე გაიმართა ლონდონში და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნებისა და სასტუმროს ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამასთან, ქართული ღვინის წარდგენას ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჯეიმი გუდი (Jamie Goode) უძღვებოდა.
ფესტივალს 7 ოქტომბერს - ბრისტოლი, ხოლო 8 ოქტომბერს მანჩესტერი უმასპინძლებს.
„დიდი ბრიტანეთი არის ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს“, - ნათქვმია ინფორმაციაში.