ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით ოთხ მუნიციპალიტეტში ტყის აღრიცხვა ჩატარდება

ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსების დაცვას, ტყის მდგრადი მართვის დანერგვას და ეროვნული ექსპერტიზის გაზრდას ტყის აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხი პირველია იმ ოთხ მუნიციპალიტეტს შორის, სადაც ამ ხელშეწყობის შედეგად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღრიცხვა 21,000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე ჩაატარა. უკვე დაწყებულია ტყის აღრიცხვა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2020 წლის ბოლომდე ამ სიას დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები დაემატება. ტყის აღრიცხვის საფუძველზე მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვის გეგმები შეიქმნება.

ტყის აღრიცხვაში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარეს. სულ ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით 15 სპეციალისტი გადამზადდა.

პროექტის შედეგების განხილვა და საქართველოს ტყეების მდგრადი მართვისთვის საჭირო სამომავლო ნაბიჯების შესახებ მსჯელობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი; გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

„ტყის აღრიცხვის შედეგად საქართველოს მიიღებს უახლეს და სანდო ინფორმაციას ჩვენი ტყეების მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მუნიციპალიტეტებში დაწყებული საქმიანობა ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკა ეროვნულ დონეზე დაინერგება.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების ზრდას ტყის ტაქსაციის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სააგენტოს მიერ ტყის აღრიცხვისა და მდგრადი მართვის გეგმის შემუშავებას. საქართველოს ოთხ საპილოტე მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტყის აღრიცხვა წაახალისებს ქვეყნის მასშტაბით კლიმატ-გონივრული სატყეო პრაქტიკის დანერგვას, რაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია“, - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

„საქართველოს მდიდარი და მრავალფეროვანი ტყის დაცვა კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების მნიშვნელოვანი შემადგენელია, ამავდროულად ეს საქმიანობა წვლილს შეიტანს სოფლის განვითარებაში და უზრუნველყოფს სატყეო რესურსების გამოყენებას ისე, რომ ამ პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას საქართველოს ტყის სიჯანსაღეს“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

სატყეო პროექტი ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.