დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქართული ბიზნესი „შრომის კოდექსში" ცვლილებებისთვის ამ ეტაპზე მზად არ არის

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის შალვა ცხაკაიას განცხადებით, "საქართველოს შრომის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებისთვის ქართული ბიზნესი ამ ეტაპზე მზად არ არის.

როგორც ცხაკაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაგეგმილი ცვლილებების შედეგად უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირებაა მოსალოდნელი.

„სამუშაო დროსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრეტენზია გამოითქვა. შემოთავაზებული კანონპროექტით კვირის განმავლობაში სამუშაო დრო 48 საათით იზღუდება, რომელშიც შედის 40-საათიანი ნორმირებული სამუშაო დრო და 8 საათიანი ზეგანაკვეთური სამუშაო დრო კვირაში. ვფიქრობთ, ამ შეზღუდვის ყველა სექტორზე გავრცელება ნაადრევია ქართული ბიზნესისათვის და შესაძლოა, რაღაც პრობლემები შექმნას, როგორც დამსაქმებლების, ისე დასაქმებულთათვის, ვისაც 48 საათზე მეტი მუშაობა სურთ. ასევე პრობლემურია მინიმალური ხელფასის განსაზღვრა, რომლის განმარტებაც შემოდის კანონპროექტით, ასევე სტაჟირების შეზღუდვებზე, რაც 3 თვეზე მეტი ვადით ერთი დამსაქმებლის მიერ სტაჟირებას კრძალავს. ეს მძიმედ დააწვებათ იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ სტაჟირებით მიიღონ ის ცოდნა და უნარი, რასაც სამწუხაროდ, განათლების სისტემა არ იძლევა ,"-აღნიშნა ცხაკაიამ.

მისივე თქმით, ცვლილებების ყველა სექტორზე გავრცელება მიუღებელია და უნდა გამოიყოს სპეციფიკური სექტორები, სადაც თუნდაც ზეგანაკვეთური მუშაობა აიკრძალება.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადდა "საქართველოს შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.