„ევროპული საქართველო" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ფინანსთა მინისტრს იბარებს

ფრაქცია „ევროპული საქართველო" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის სავალდებულო მიწვევას მოითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე პრობლემურ საკითხზე კითხვებს უნდა უპასუხოს. მათ შორის კითხვები შეეხება: ლარის გაუფასურების ტენდენციას; სახელმწიფო ვალის ზრდას; უცხოური ინვესტიციების მკვეთრ ვარდნას; მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნა-ჩამორჩენის გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც უკვე წლებია, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის „ქართული ოცნების" მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. მე-8 წელია ვისმენთ, რომ მათი ამოცანაა მიიღონ უკვე 2020 წლისთვის ადამიანზე ორიენტირებული ბიუჯეტი მაშინ, როდესაც ასიათასობით ადამიანისთვის ცხოვრება ძვირდება, ასევე, რთულდება ფასების მატებისა და უმუშევრობის ფონზე, რაც „ქართული ოცნების" არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოიტანა. ჩვენ ვხედავთ გაუფასურებულ ლარს, ჩავარდნილ ინფრასტუქტურულ პროექტებს, მზარდ საგარეო და საშინაო ვალს, ბიუჯეტიდან ფულის გაუმართლებლად ხარჯვას „ქართული ოცნების" აქტივზე. მუდმივად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი. „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით უკვე მერამდენედ გვესმის დაპირება მთავრობისგან, მაგრამ ის მუდმივად შეუსრულებელია. ჩვენს საზოგადოებას აღელვებს საპენსიო რეფორმა, რომელმაც გაზარდა საგადასახადო წნეხი მოქალაქეებზე და ჯიბეში მათ ნაკლები ფული დაუტოვა. ეს არის საკითხები, რომელიც მოითხოვს მყისიერ და სასწრაფო რეაგირებას. ამიტომ, „ევროპული საქართველო" პარლამენტში, საფინანსო კომიტეტზე იბარებს ფინანსთა მინისტრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს ყველა ჩამოთვლილ საკითხს, რომელიც „ევროპული საქართველოს" წერილშია დაფიქსირებული“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.