„მედალფას" იურისტის თინათინ ქემაშვილის შეფასებით, "საქართველოს შრომის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები რისკის ქვეშ აყენებს პაციენტებისთვის სრულყოფილი სამედიცინო სერვისის მიწოდებას.
მისივე თქმით, ყველა დარგის მიმართ ერთგაროვანი მიდგომა არასწორია და საჭიროა სპეციფიკური დარგების გამოყოფა.
„დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სპეციფიკური დარგისთვის, როგორიცაა სამედიცინო დაწესებულება. სამუშაო დროის შეზღუდვა, ასევე ალტერნატიულ სამუშაოზე დასაქმების შეზღუდვა პრობლემას შეუქმნის სამედიცინო დაწესებულებას, იმ ფონზე, რომ კადრის მოძიება სამედიცინო სფეროში ისედაც პრობლემურია. ამ საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში, ფაქტობრივად რისკის ქვეშ დგება სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიწოდება პაციენტებისთვის,"- აცხადებს „მედალფას“ იურისტი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადდა "საქართველოს შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.