ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, წარმომადგენლობით დელეგაციას მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მდგრადი განვითარების საკითხებში სტივენ შონბერგერი ხელმძღვანელობდნენ.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო. საუბარი აგრეთვე 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს შეეხო.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ურბანული და მდგრადი განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას.
ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარეს მიულოცა მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევაში - „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში“ მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებით, საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოხვდა.
„შეხვედრაზე, ასევე, პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დონორია. 25 წელზე მეტი ხნის თანამშრომლობის მანძილზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.