საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 118 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) მსოფლიოს 38 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 36 585 769 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 69%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელორუსი, სადაც რუსეთი ლიდერობს 65%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით 24 049 677 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.

საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 118 493 071 აშშ დოლარის ($) პროდუქცია, რაც 83%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, აგვისტოს მდგომარეობით, 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 275 351 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. წლის განვლილ 8 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 25 354 169 აშშ დოლარი ($) შეადგინა, რაც 83%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით ექსპორტმა - 3 556 584 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 3 235 656 ბოთლით რუსეთი იკავებს.