ვინ არის კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც ხაზარაძის „ლელოს“ 36-კაციან სიაშია

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.

„ლელოს“ ახალ წევრებს შორის არის ერთი ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 36 კაციან საზოგადოებრივ მოძრაობაში ბეგიაშვილი მეორე ბიზნმესმენია. მანამდე ხაზარაძემ მოძრაობის წევრად კიდევ ერთი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი გიორგი მორდეხაშვილი წარადგინა.

დავით ბეგიაშვილი ორგანიზაცია "ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისთვის " ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელია.

შეგახსენებთ, რომ ბეგიაშვილი ერთ-ერთი იმ ბიზნესმენთაგანია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდიდა. კერძოდ, ბეგიაშვილს ბრალი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 44 ნომერში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართი 173 კვ.მ და სარდაფი 50 კვ.მ.) თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაში ედებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბეგიაშვილს ქვეყნის დატოვებაც მოუწია პოლიტიკური დევნილის სტატუსით და იმ ხნის განმავლობაში ის ჟენევაში ცხოვრობდა.

ბეგიაშვილმა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 5 დეკემბერს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მოითხოვა. ბიზნესმენის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს შეწყდა. ბეგიაშვილი მაშინ უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც შპს „ალბატროსს“ 3 მილიონი ლარის გადახდას ავალებდა, ბათილად ცნო, ქონებას კი ყადაღა მოეხსნა.

2013 წლის თებერვალში ბიზნესმენი ამბობდა, რომ ქონება დაუბრუნდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მისთვის ქონების დაბრუნება არ მომხდარა, ეკონომიკის სამინისტრომ ქონების დაბრუნება მხოლოდ 3 თვით მოახდინა.

რაც შეეხება გიორგი მორდეხაშვილს, ის საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში კომპანია „გუდვაინში“ 25%-იან წილს ფლობს. საქართველოში ჩამოსვლამდე გიორგი მარდეხაშვილი ნიცაში ცხოვრობდა. ის ნიცაში ფლობს რესტორან „ლანგუსტს“, რომელიც 2016 წელს გახსნა.

მორდეხაშვილი საქართველოდან რუსეთში 1990-იანი წლების დასაწყისში წავიდა. ის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში. გიორგი მორდეხაშვილმა რუსეთში პირველი ინტერნეტ-მაღაზია „ინტერშოპი“ დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით სარფიანად გაყიდა. უკვე 2003 წელს მან მის ბიზნესპარტნიორთან თენგიზ სანიკიძესთან და ალექსეი ბოგდანოვთან ერთად საიუველირო საათების მწარმოებელი კომპანია „ნიკა“ დააფუძნა, რომელიც ოქროს და ვერცხლის საათებს აწარმოებს. კომპანიამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და მისი პროდუქცია არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ამ დროისთვის Nika Group ყოველთვიურად 25 ათას ერთეულ საათს აწარმოებს.

თაია არდოტელი