ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მოამზადა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები იმ ზომებს შეავსებს, რომელიც ევროკავშირმა 31 ივლისს მიიღო და შეეხება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა საფინანსო ბაზრები, თავდაცვა, ორმაგი დანიშნულების საქონელი და მგრძნობიარე ტექნოლოგიები.

"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის ინფორმაციაშია აღნიშნული.

"ევროკომისიამ დღეს, წევრ ქვეყნებს უკვე გადაუგზავნა განსახილველად სანქციის ის ზომები, რომელიც უნდა დამტკიცდეს. ამ ქვეყნებმა უნდა განიხილონ და შეაფასონ ევროკომისიის შეთავაზება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ წინადადებები პარასკევს, დღის მეორე ნახევარში წარედგინება მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტს, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდება.