აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენლობას საქართველოში ახალი დირექტორი ჰყავს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორად შეინ როზენტალი დაინიშნა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას შეინ როზენტალი 25 სექტემბერს შეუდგა.

როგორც აზიის განვითარების ბანკიდან იუწყებიან, ახალი დირექტორი საქართველოში უხელმძღვანელებს ADB-ის ოპერაციებსა და ბანკის ურთიერთობებს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან, ასევე მეთვალყურეობას გაუწევს ADB-ის ახლახან დამტკიცებულ ქვეყანასთან თანამშრომლობის 2019-2023 სტრატეგიის განხორციელებას.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას უჭერს მხარს, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით.

„უაღრესად მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება და იცვლება, რათა დააკმაყოფილოს მზარდი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის მოთხოვნები. ეს მოიცავს ინვესტიციებისთვის საჭირო ფინანსებსა და თანამედროვე მიდგომებს, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს რეგიონულ სახმელეთო კავშირებს, გაუმჯობესდეს მუშახელის უნარები და ხელი შევუწყოთ ქალაქების განვითარებას. აღნიშნული გამოწვევების დაძლევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ახლო თანამშრომლობას ექნება“,-აცხადებს შეინ როზენტალი.