„სათამაშო ბიზნესი იმ მასშტაბების, რომლითაც დღეს არის წარმოდგენილი, აქამდე არ ყოფილა და მისი ასე ხელაღებით შეზღუდვა, ფაქტია, ვიღაცეების ინტერესში არ შედის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა გუგა ბესელიამ განუცხადა, რითაც ის აღნიშნულ სექტორში რეკორდულად გაზრდილ ბრუნვის მაჩვენებელს გამოეხმაურა.
კერძოდ, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.
როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 86,6 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 16%-ს შეადგენს. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის (43,2%).
არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გუგა ბესელია იმ მთავარ ფაქტორებზე საუბრობს, რის გამოც აზარტული თამაშების ბიზნესი სულ უფრო იზრდება. მისი თქმით, ამის მიზეზი კომპლექსურია.
„მაგალითად, პირველი ფაქტორია სიღარიბე. კერძოდ, საერთაშორისო ლუდომანიის საბჭოს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური პრობლემები და სიღარიბეა, სათამაშო ბიზნესი უფრო მყარად იკიდებს ფეხს, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა მდგრადია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, სათამაშო ბიზნესი ყვავის.
მეორე მიზეზი, რომელიც მნიშვნელოვნად მუშაობს ამ მიმართულებით, არის ცნობიერება და განათლება. ინფორმაციული ვაკუუმია ამ მიმართებით. კერძოდ, თუ ნარკომანიის შემთხვევაში ინფორმაცია გვაქვს, არსებობს ჩანაცვლების პროგრამები, ლუდომანებთან დაკავშირებით არც ინფორმაცია გვაქვს და სარეაბილიტაციო ცენტრების ნაკლებობასაც განვიცდით. ამასთან, რაც გვაქვს, იქაც არასწორი მეთოდებით მიმდინარეობს მკურნალობა.
მესამე ფაქტორია ის აგრესული მარკეტინგული კამპანია, რასაც სათამაშო ბიზნესი აწარმოებს. ფაქტობრივად, ტრენდირებენ იმას, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი. ამის შედეგად, დღეს სადაც გაიხედავ, გვხვდება სათამაშო სექტორის რეკლამა, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე მოქმედებს.
მეოთხე მიზეზია თვითონ საკუთარ თავში უკონტროლო სათამაშო ბიზნესი. ვგულისხმობ იმას, რომ ისედაც მიზერული, საკანონმდებლო ბაზა გვაქვს, ძალიან მცირე შეზღუდვები არსებობს ამ მიმართულებით და რეალურად, მისი აღსრულებაც არ ხდება. მაგალითად, კანონმდებლობაში წერია, რომ 18 წლამდე მოზარდის თამაში აკრძალულია თუმცა, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, 14 და 18 წლამდე ფოკუს ჯგუფზე და აღმოჩნდა, რომ მათი 48% თამაშობს. შესაბამისად, სუსტი საკანონდებლო ბაზა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
რაც შეეხება მეხუთე მიზეზს, მართალია, 21-ე საუკუნეა და ტექნოლოგიური განვითარებაა, თუმცა, დღეს ყველა მეორეს სმარტფონში გახსნილი აქვს ონლაინ სამორინე. კი, ტექნოლოგიურ განვითრებას წინ ვერ აღვუდგებით და ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, მაგრამ სამორინეების ასეთი ხელმისაწვდომობაც ძალიან დიდი პრობლემაა“,- აცხადებს გუგა ბესელია.
მისი თქმით, გამოსავალი პირველ რიგში საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და მის აღსრულებაშია. ამასთან, გუგა ბესელია იმ ნაკლოვანებებზე საუბრობს, რის გამოც პარლამენტში შესული კანონპროექტი „ჩავარდა“.
„ის კანონპროექტი, რომელიც ჩავარდა, არ იყო მხოლოდ რეკლამების შეზღუდვაზე, დახუნძლული იყო მრავალრიცხოვანი რეგულაციებით, რამაც რეალურად მისცა საშუალება კანონმდებლებს, რომ ის ჩაეგდოთ. იქ საუბარი იყო მაგალითად, რეესტრის შექმნაზეც, სადაც ყველა მოთამაშე უნდა დარეგისტრირებულიყო, როგორც მოთამაშე, რაც თავისთავად პერსონალური მონაცემების დარღვევაა. იმ ფონზე, როდესაც სათამაშო ბიზნესის შესახებ დღეს 2 კანონი არსებობს ქვეყანაში და მისი აღსრულებაც არ ხდება, ბუნებრივია, უმრავი შეზრუდვის დაწესება პირდაპირი პროვოცირება იყო, რომ კანონმდებლებს ის ჩაგდოთ.
მე ვფიქრობ, საწყის ეტაპზე ჯობდა, რომ უფრო მსუბუქი ცვლილებები ყოფილიყო, მეტად მარტივად დამტკიცდებოდა პროექტი. იმიტომ, რომ სათამაშო ბიზნესი იმ მასშტაბების, რომლითაც დღეს არის წარმოდგენილი, აქამდე არ ყოფილა და მისი ასე ხელაღებით შეზრუდვა, ფაქტია, ვიღაცეების ინტერესში არ შედის. ფაქტია, რომ სათამაშო ბიზნესს დიდი ლობი ჰყავს“,-ამბობს გუგა ბესელია.
„აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი სექტორის ბრუნვის ზრდას არც მომავალში გამორიცხავს.
„საბოლოო ჯამში, სათამაშო ბიზნესის ასეთ უკონტროლო გარემოში ყოფნა, ბუნებრივია, მოსახლეობის ფსიქიკაზე ნეგატიურად მოქმედებს. მეოთხე სტადიაზე მყოფი ლუდომანის ფსიქიკა უფრო მიდრეკილია სუიციდისკენ, შესაბამისად, თუ სუიციდის უამრავი შემთხვევა არსებობს, ეს მაჩვენებლი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ როდესაც მზარდია პრობლემა, მისი შედეგებიც მზარდია. ეს ბრუნვაც ხომ ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულია, რაც იწვევს მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას. ამიტომ, მე ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იზუნოს მოსახლეობის ხარისხზე. კერძოდ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეკონომიკურ დოვლათს ქმნის მოსახლობა და თუ აქედან 7 000 ათასი ადამიანი ლუდომანი გეყოლება, ვინც ეკონომიკური დოვლათის შექმნაში ვერ იღებს მონაწილეობას, ქვეყანა წინ ვერ წავა“,-ამბობს გუგა ბესელია.