მესამე კვარტალში Tesla-ს გაყიდვები მხოლოდ 2%-ით გაიზარდა

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla მიმდინარე წლის მესამე ფინანსური კვარტლის მონაცემები გაავრცელა, რომლიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის გაყიდვები ბოლო სამ თვეში 2%-ზე ნაკლებად არის გაზრდილი. ამან კი კომპანიის აქციების 6%-იანი გაუფასურება გამოიწვია.

ბოლო სამ თვეში კომპანიამ 97,000 ავტომობილი გაყიდა, თუმცა ეს ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევზე ნაკლებია, რომლებიც 97,477 ავტომობილის გაყიდვას პროგნოზირებდნენ.

კომპანიის მიზანია, 2019 წელს 360-400 ათასი ავტომობილის გაყიდვა მოახერხოს, ეს კი ნიშნავს, რომ მან დარჩენილ სამ თვეში სულ ცოტა 104,800 ავტომობილის გაყიდვა უნდა მოახერხოს. ანალიტიკოსები უკვე ქვედა ზღვარს 360,000-საც კი ეჭვის თვალით უყურებენ, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი იმედიანადაა.

აღსანიშანვია, რომ კომპანიის ძვირადღირებული მოდელები Model S და X მძაფრ კონკურენციას განიცდიან Audi და Jaguar Land Rover-ის ელექტროქროსოვერებისგან. ამ მოდელების გაყიდვები 1,4%-ით 17,400-მდეა შემცირებული, რაც შეეხება ყველაზე გაყიდვად Model 3 სედანს, მისი გაყიდვები ბოლო სამ თვეში 79,600-ია და ის მოსალოდნელზე ოდნავ მეტია, თუმცა ზრდა მხოლოდ 2,6%-ია.

კოკა კვირკველია