შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,წითელი ხიდი“, ,,გუგუთი“, და ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, აზერბაიჯანის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერების შედეგად, ჯამში 20,097.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 199,9 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სგპ „სარფში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ჯამში 13,545.84 ლარის ოდენობით.