რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ვალების ზრდაზე და მოსახლეობის მოტყუებაზეა აგებული

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ვალების ზრდაზე და გარკვეული კატეგორიის მოსახლეობის მოტყუებაზეა აგებული. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტის ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს.

„ერთი ხელით უნდათ საარჩევნოდ ფულის დარიგება, მეორე ხელით - ინფლაციითა და ლარის გაუფასურებით უკან უფრო მეტის ამოღება. მრავალი უაზრო ხარჯია, რომელიც კორუფციასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, არ ესწრება. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს.