გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობას ახორციელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, აშენდება ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. ასევე, მოხდება შენობის საინჟინრო ქსელების მოწყობა. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.

„მიმდინარე მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

პროექტის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც საგრანტო დაფინანსებაში, მათი პროექტების განხორციელებისთვის, ასევე ექსპერტების ინფორმაციის და ცოდნის გაცვლაში. რეგიონული ცენტრების მშენებლობა გააერთიანებს ახალგაზრდებს და მისცემს მათ თავისი პოტენციალის რეალიზების საშუალებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.