ტაქსები უკვე არალეგალურად დადიან და ადამიანები, ვისაც უჩერებენ, დაბნეულები არიან, არ იციან ტაქსი უჩერებს თუ ტაქსი არაა და კრიმინალი ზის იქ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ტაქსების რეგულაციის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯარიმები ამ ადამიანებს უნდა ჩამოაწერონ.
როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, რეგულაციების შედეგად 26 000 ადამიანი დარჩა უმუშევარი და ნაწილი უკვე არალეგალურად მუშაობს.
"ეს არის დანაშაული. იცვლება ერთადერთი რამ - უნდა გადააკრა ან შეღებო თეთრად. ესთეტიკაა დღეს ღატაკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თუ ის ოჯახები, რომლებსაც ეს ადამიანები არჩენდნენ? საქართველო არის ღატაკი ქვეყანა, ჩვენ ვართ 109-ე ადგილზე აფრიკული ქვეყნების გვერდით, ამიტომ პრიორიტეტი თეთრი ესთეტიკა კი არა, შიმშილის და სიღარიბის დაძლევა უნდა იყოს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა შესაძლოა, ერთჯერადად ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილება მიიღოს. დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პრემიერს მიმართავს, რომ ჯარიმების ჩამოწერა ბრძანებულების საფუძველზე მოხდეს, რადგან პარლამენტში პროცესი დროში გახანგრძლივდება. მისივე თქმით, სანამ მამუკა მდინარაძე ინიციატივას გაახმოვანებდა, მანამდე მან და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს.