აშშ-ის შტატ კალიფორნიაში კაფე სახელწოდებით Lowell Farms გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში პირველი კანაფის ლეგალური კაფეა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ახლად გახსნილი კაფე სხვა კაფეების მსგავსად სტუმრებს ათობით სხვადასხვა სახეობის საკვებსა და სასმელს სთავაზობს. ამასთან, Lowell Farms-ში მყოფ სტუმრებს კანაფის მიღებაც შეეძლებათ, რომელიც კანონის სრული დაცვით იქნება დასაშვები.
აღსანიშნავია, რომ გახსნამდე Lowell Farms-ს არაერთი შემოწმების გავლა და ლიცენზიის მოპოვება დასჭირდა.
Lowell Farms-ის მთავარი მზარეული ანდრეა დრამერი აცხადებს, რომ კაფე ფართო საზოგადოებაზეა გათვლილი და ის სტუმრების მისაღებად სრულებით მზადაა.
„კაფის საერთო ფართობი 1 800 კვ.მ.-ს შეადგენს, სადაც სტუმრებისთვის მოწყობილია როგორც მწეველთა, ასევე არამწეველთა ზონები. ასევე მათ დროის გატარება კაფის შიდა და ღია ცისქვეშა სივრცეებში შეეძლებათ“- აღნიშნავს ის.
როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, მათ სურდათ შეექმნათ ისეთი სივრცე, სადაც ადამიანებს მშვიდ და წყნარ გარემოში ღიად შეეძლებოდათ კანაფის მოხმარება.