შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან, მათ შორის პირველი სექტემბრიდან „სადახლოში“, განთავსდა ავტოსადგომები, რაც საბაჟო გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას ემსახურება.
„ინტერპრესნიუსთან“ შემოსავლების სამსახურში სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადეს, რომლის თანახმადაც ქართული მხარის მიერ სადახლოში გახსნილი პარკინგის გამო რიგებია.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო – საავტომობილოს“ გავლით საქართველოდან გასული სატრანსპორტო საშუალებების შეფერხებას საქართველოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაგროვებისა და პუნქტის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, ეტაპობრივად, სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტთან (საბაჟო გამშვებ პუნქტთან) განთავსდა და „ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ჩერთო M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომები. საბაჟო გამშვები პუნქტების ტვირთბრუნვის სპეციფიკის გათვალისწინებით, ასეთი ავტოსადგომები განთავსებულია:
2016 წლის 30 აგვისტოდან საბაჟო გამშვები პუნქტებთან - „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“;
2017 წლის 2 ნოემბრიდან - საბაჟო გამშვები პუნქტთან „ლაგოდეხი“;
2019 წლის 1 სექტემბრიდან საბაჟო გამშვები პუნქტთან - „სადახლო – საავტომობილო“.
აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ, მონაცემთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ავტოსადგომების შექნით მოწესრიგდა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, აღმოიფხვრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დაგროვების პრობლემა და ხელი შეეწყო საერთაშორისო გადაზიდვას.
ვინაიდან, საბაჟო გამშვები პუნქტზე „სადახლო – საავტომობილო“ გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება (მაგ., 2019 წლის მაისი – აგვისტოს პერიოდში სგპ „სადახლო – საავტომობილოს“ გავლით საქართველოდან გასული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკური მონაცემებია: მაისი – 7160; ივნისი – 7947; ივლისი – 8670; აგვისტო – 9839), დღის წესრიგში დადგა აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტთან ავტოსადგომის მოწყობის საკითხი.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო – საავტომობილოს“ გავლით საქართველოდან გასული სატრანსპორტო საშუალებების შეფერხებას საქართველოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ცნობისათვის: საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის ფუნქციონირების/მუშაობის წესები რეგულირდება შემდეგი ნორმატიული აქტებით:
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილება;
„ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილება;
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანება;
„საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანება,"-აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, სომხური მედიის, კერძოდ news.am-ის ინფორმაციით, სომხური სატვირთო მანქანების მძღოლები აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ სადახლოსთან ახალი საპარკინგე ადგილი მოაწყო და მათ აიძულებენ თავიანთი ავტომობილების იქ პარკინგზე განთავსებას, ხოლო შემდეგ 30 ლარს ახდევინებენ. მათივე მტკიცებით, ადგილზე ავტომობილების უზარმაზარი რიგია, რომლებიც წინ მოძრაობას ვერ ახერხებენ.