2014-2017 წლებში 12 მლნ ლარზე მეტი პრემია გაცემულია კომპანიაში დამტკიცებული პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შესაბამისობის აუდიტს ეხება. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, რეაბილიტაციის გეგმის მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიაში არ არის დადგენილი შრომის ანაზღაურების ოდენობები კონკრეტული თანამდებობების მიხედვით.
„ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში, იდენტურ პოზიციებზე დასაქმებული პერსონალის შრომის ანაზღაურებებს შორის სხვაობა 100%-ს აჭარბებს. არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას. ასევე, რეაბილიტაციის გეგმასთან შეუსაბამოდ არის განსაზღვრული 2015-2016 წლების სახელფასო და საპრემიო ფონდები. კერძოდ, სახელფასო ფონდი გაზრდილია 2,456,635 ლარით, ხოლო საპრემიო ფონდი 409,439 ლარით მეტი ოდენობით; 2014-2017 წლებში 12 მილიონ ლარზე მეტი პრემია გაცემულია კომპანიაში დამტკიცებული პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ, რომელიც გულისხმობს პრემიის გაცემის შესაძლებლობას ფინანსური შედეგების (მოგების) გათვალისწინებით. რამდენადაც კომპანიის წმინდა ფინანსური შედეგები ოთხივე წლის შემთხვევაში უარყოფითია, კომპანიას აღნიშნული პრემიების გაცემის უფლება არ ჰქონდა. რაც შეეხება უშუალოდ მენეჯმენტის პრემირების წესს, რომლის განსაზღვრაც აქციონერის უფლებამოსილებაა, დამტკიცებულია კომპანიის რეაბილიტაციის მმართველის მიერ და არ არის შეთანხმებული აქციონერთან“, - ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „რეაბილიტაციის გეგმით, სახელფასო და საპრემიო ფონდების ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცალ-ცალკე განსაზღვრა ფაქტობრივად ფორმალურია“.
„რეაბილიტაციის გეგმის ზემოაღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ელექტროსისტემას შესაძლებლობას აძლევს სახელფასო და საპრემიო ფონდების ყოველწლიური ზრდა მხოლოდ დასაქმებულთა გარკვეულ ნაწილზე გაავრცელოს, როგორც ხელფასების მატების, ისე პრემირების შემთხვევაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, კომპანიის 2014-2017 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით (76,708,726 ლარის ზარალი), ფინანსთა მინისტრის მიერ დაწესებული ნორმების ზემოთ 279,837 ლარის ხარჯების გაწევა არ იყო მიზანშეწონილი.
„ ასევე არ არის მიზანშეწონილი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, მმართველთა საბჭოს წევრებისა და მათი თანმხლები პირებისათვის საზღვარგარეთ მივლინების დროს საცხოვრებელი ფართის ხარჯების ულიმიტოდ გაწევა, რისი შესაძლებლობაც განსაზღვრულია ელექტროსისტემის ბრძანებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
შესაბამისობის ამავე ანგარიშის მიხედვით, კომპანია ანაზღაურებს თანამშრომელთა მივლინების ადგილზე ტრანსპორტის დაქირავების და როუმინგის ხარჯებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში რეაბილიტაციის მმართველის როუმინგულ მომსახურებაში, ხუთ დღეში გადახდილი 29,254 ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალ, არაგონივრულ ხარჯს წარმოადგენს.
„2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 227,199 ლარს. მათ შორის, მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის ელექტროსისტემამ გადაიხადა 156,738 ლარი“, - ნათქვამია ანგარიშში.