2020 წელს, კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში, ჯამში, 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, კაკაურიძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი მორგებულია მოქალაქეებზე და 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში მიღებული შემოსავალი სწორედ მოსახლეობის საჭიროებებზე მიიმართება.
„მომავალ წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებული გვაქვს 5%-ის ოდენობით. ამაზეა დაფუძნებული ჩვენი რესურსები. ასევე, ჩვენ დაბალ ნიშნულზე - 2.7 პროცენტზე შევინარჩუნეთ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. და რაც მნიშვნელოვანია, არ შევამცირეთ კაპიტალური ხარჯების წილი ბიუჯეტში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.