"3 წლის განმავლობაში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” უკანონო მშენებლობის გამო, 25-ჯერ დაჯარიმდა"

3 წლის განმავლობაში სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” უკანონო მშენებლობის გამო, 25-ჯერ დაჯარიმდა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის შესაბამისობის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 წლების საქმიანობას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, 2014-2017 წლებში ელექტროსისტემის მიერ ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო სამუშაობი დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რისთვისაც აუდიტის პერიოდში დაჯარიმებულია 25-ჯერ, ჯამში 69 400 ლარით, საიდანაც 40 100 ლარი წარმოადგენს განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებულ ჯარიმას.

„აღნიშნული ცხადყოფს, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა ელექტროსისტემისთვის არ არის იმდენად პრიორიტეტული, რამდენადაც უნდა იყოს ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების გამო,”-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, შესაბამისობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ელექტროსისტემის მიერ 2014-2015 წლებში „ჯვარი-ხორგისა“ და „ქსანი-სტეფანწმინდის“ გადამცემი ხაზების პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, გადამცემი ხაზების მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2016 („ჯვარი-ხორგა“) და 2017 წლებში („ქსანისტეფანწმინდა“), თუმცა პროექტის განხორციელების დროს წარმოქმნილმა პრობლემებმა გამოიწვია გადამცემი ხაზების მშენებლობის შეფერხება და კონტრაქტორების მოცდენის გამო, ელექტროსისტემამ გადაიხადა 10 220 729 ლარის ჯარიმა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული ჯარიმის გადახდის მთავარი მიზეზი იყო, რომ კომპანიამ ხელშეკრულებების გაფორმების დროს არ შეაფასა განსახლების სირთულესთან დაკავშირებული რისკები.