ნათია თურნავა - გამოვრიცხავ, რომ აბასთუმნის ობსერვატორია გახდეს პრივატიზაციის საგანი

აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ აბასთუმნის ობსერვატორია გახდეს პრივატიზაციის საგანი და სწორად ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯია ობსერვატორიის ცალკე გამოყოფა და გაძლიერება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აბასთუმნის ობსერვატორიაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნათია თურნავას აზრით, აბასთუმნის ობსერვატორია არის ის უნიკალური, მძლავრი სამეცნიერო კერა, რომელსაც მეტი დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს მინიჭებული და იმსახურებს იმას, რომ სახელმწიფოს ზრუნვის საგანი გახდეს.

„რაოდენ ცინიკოსი უნდა იყო, რომ ჯერ ვერ დაინახო რა ხდება აბასთუმანში, რამდენს აკეთებს ბატონი ბიძინა იმისთვის, რომ განვითარდეს ზოგადად საქართველო და განვითარდეს, მათ შორის, აბასთუმანი როგორც ეკოლოგიურად სუფთა, მიმზიდველი და ევროპული სტანდარტის მქონე ტურისტული ადგილი. მივუბრუნდეთ აბასთუმნის ობსერვატორიას, ეს სწორედ ის საგამონაკლისო შემთხვევებია, რომლებიც ალბათ, მომავალშიც იქნება. საუბარია უნიკალურ, მძლავრ სამეცნიერო კერაზე, როგორიც აბასთუმნის ობსერვატორიაა, ჩვენ ასეთი კერები უნდა გავაძლიეროთ, მეტი დამოუკიდებლობა მივანიჭოთ და იმსახურებს იმას, რომ პირდაპირ გახდეს ჩვენი ზრუნვის საგანი.

აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ აბასთუმნის ობსერვატორია გახდეს პრივატიზაციის საგანი და სწორად ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯია ცალკე გამოყოფა და გაძლიერება ობსერვატორიის, რომ ის არათუ საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდეს, არამედ გაძლიერდეს და მსოფლიო მნიშვნელობის ადგილი დაიმკვიდროს. ყველა გზა, მათ შორის „სსიპ“-ის შექმნა არის გამართლებული და ეს ემსახურება სწორედ მეცნიერების გაძლიერებას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.