რა თქმა უნდა, გაგვაკრიტიკებს ოპოზიცია, ის ამისთვის არის ოპოზიცია, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, რომ ცოტა თანმიმდევრული იყოს ამ კრიტიკაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
თურნავას განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ბიუჯეტთან დაკავშირებული კრიტიკა არის პოპულიზმი.
„სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზარდოს პენსიები, გაუზარდოს ხელფასები იმ კატეგორიას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ესენი არიან მასწავლებლები, ექიმები, ჯარისკაცები, სამართალდამცავები და ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც ჰქვია მზრუნველი სახელმწიფო, მზრუნველი ხელისუფლების პოლიტიკა თავისი მოქალაქეების მიმართ. ეკონომიკური ზრდა 5% სწორედ ასე ტრანსლირდება ამ კატეგორიების მეტ შემოსავლებში.
ჩვენ ნამდვილად ავიღეთ ეს ვალდებულება და ბიუჯეტიც ამას ასახავს, რომ აღნიშნულ კატეგორიებს, გაეზარდოთ შემოსავალი. ეს არის რეალისტური გათვლა და არა ის, ჩვენ რომ გვესმოდა 400 ლარით გავზრდით პენსიასო, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არარეალისტური გათვლა იყო, ეს კი არის აბსოლუტურად რეალისტური გათვლა, რომელიც დღეს ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს ეფუძნება და ეს აუცილებლად შესრულდება.
მეორე ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ და ასევე ბიუჯეტშია ასახული, კიდევ რა გვჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა მივიდეს ოჯახებამდე? - კარგი ინფრასტრუქტურა. ეს არის გზები, გაზიფიკაცია და გაზი სხვადასხვა სოფელს, სხვადასხვა კომუნიკაციები, კანალიზაცია და ა.შ.
რაც შეეხება კრიტიკოსებს, რა თქმა უნდა, გაგვაკრიტიკებს ოპოზიცია, ის ამისთვისაა ოპოზიცია, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, რომ ცოტა თანმიმდევრული იყოს ამ კრიტიკაში. მანამდე გვაკრიტიკებდნენ, რომ 400 და 500 ლარით რატომ არ ზრდიანო პენსიას და ახლა 50 ლარი არ ემეტებათ პენსიისთვის. სად არის თანმიმდევრულობა აქ? ეს არის პოპულიზმი“, - განაცხადა თურნავამ.