მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობისთვის კომპანია უახლოეს ხანში შეირჩევა

თბილისის მერი დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენელს, ქეით ჯულიანს და ბანკის ურბანული ტრანსპორტის უფროს სპეციალისტ ბერტრან გუალუს შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე "ტვინინგის" პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ორ პროექტზე ისაუბრეს. კერძოდ, მეტროპოლიტენის სადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობასა და თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც ტრანსპორტის განვითარების ახალ მიდგომებსა და ხედვებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში იგეგმება სასწავლო ტურის ჩატარება ევროპის ქვეყნებში და, აგრეთვე, სატრანსპორტო დარგის ექსპერტების საქართველოში ვიზიტი.

ბერტრან გუალუს თქმით, მეტროსადგურის სამშენებლო კომპანიის გამოსავლენად უკვე ჩატარდა ტენდერი და მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შეფასება.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება და 2 წელს გასტანს. 2 წელიწადში ჩვენ უკვე უნდა შევძლოთ მეტროთი სარგებლობა. მეორე პროექტი უკავშირდება უბრანული ტრანსპორტის სტრატეგიის განახლებას, რომლის მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაა," - განაცხადა გუალუმ.

"აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში. ძალიან მალე დასრულდება სატენდერო პროცედურები და შეირჩევა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა უნდა დაიწყოს," – განაცხადა დავით ნარმანიამ.