„სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 2014 – 2017 წლებში 77 მილიონ ლარამდე ზარალი ჰქონდა და ამავე პერიოდში, 12 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის დაუსაბუთებელი პრემია გასცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
ანგარიშის თანახმად, 2014 – 2017 წლებში, ელექტროსისტემამ ჯამში 76,708,726 ლარის ზარალი მიიღო და ასევე, უარყოფითი ფინანსური შედეგებია ოთხივე წლის განმავლობაში. ანგარიშის თანახმად, უწყებას წინა წლის ბოლო 6 თვისა და მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვით, არ ჰქონდა ერთდროული პრემიის გაცემის საფუძველი, მიუხედავად ამისა, 2014 - 2017 წლებში ელექტროსისტემამ 12,184,091 ლარის ოდენობის პრემია გასცა. აუდიტის დასკვნით, შინაგანაწესით დამტკიცებული პრემირების წესის შეუსაბამოდ, 2014 – 2017 წლებში გაიცა 12,268,000 ლარის პრემია. ამასთანავე, ამავე წესის მიხედვით, რეაბილიტაციის მმართველის უფლება, რეკომენდაციისა და პრემირების საფუძვლის გარეშე განახორციელოს თანამშრომელთა წახალისება, ვერ უზრუნველყოფს მოცემული კატეგორიის საპრემიო ხარჯების დასაბუთებულობას, რაც რეაბილიტაციის მართველის მიერ დამტკიცებული პრემირების წესის ხარვეზს წარმოადგენს.
ცნობისთვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქციათა 100%-ს ფლობს სს „საპარტნიორო ფონდი“. კომპანია სააქციო საზოგადოების ფორმით ფუნქციონირებს 2011 წლიდან. ელექტროსისტემა ქვეყნის მასშტაბით ფლობს და ექსპლოატაციას უწევს 3,350 კმ სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. ელექტროსისტემა 2008 წლიდან 2023 წლამდე იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში, რაც მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზით. აუდიტის სამსახურის, ინფორმაციით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ელექტროსისტემის დავალიანება სახელმწიფოს მიმართ ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებს.