სახელმწიფოს მხარდაჭერით, კოოპერატივმა „სანჩოს ბიჭები“, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა აგარაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად, 1 211 451 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 450 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600 000 ლარი სახელმწიფო გრანტია.
უწყების ცნობით, სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 800 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ოთარ შამუგიასთან, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.
„სახელმწიფოს მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა. უშუალოდ სამაცივრო მეურნეობების შექმნის მიმართულებით, 2019 წელს, ბიუჯეტით განსაზღვრული 10 მილიონ ლარზე მეტი სრულად ათვისებულია. ფერმერების მხრიდან დაინტერესება კვლავაც დიდია; სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან სამაცივრო ინფრასტრუქტურის შექმნის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. 2020 წლის ბიუჯეტში, შემნახველი საწარმოების საგრანტო თანადაფინანსებისთვის 15 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული“, - გიორგი ხანიშვილმა.
სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.