„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები რიგი დაწესებულებებისთვის ახალი ვალდებულების შემოღებასაც გულისხმობს.
კერძოდ, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი სიახლეა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება.
კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საჯარო დაწესებულება (გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციებისა), სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი და ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10 000 მონაცემთა სუბიექტს, ასევე, ის მონაცემთა დამმუშავებელი/უფლებამოსილი პირი, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს, ვალდებულნი გახდებიან დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
„მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციად განისაზღვრება მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და უფლებამოსილების ფარგლებში, მათზე რეაგირება; მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობას სამსახურთან ურთიერთობაში, სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი სამსახურის მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ინსპექტორის დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის ინფორმაციის მიწოდებას მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანები,“-აღნიშნულია განმარტებით ბარათში.