აშშ-ში უმუშევრობის დონე 3.5%-მდე შემცირდა, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

აშშ-ში უმუშევრობის დონე 3.5%-მდე შემცირდა, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის დასაქმებისა და შრომის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში უმუშევრობის დონე 3.7-დან 3.5%-მდე შემცირდა, რაც დამატებით 136 000 ახალ სამუშაო ადგილს უდრის. მათი თქმით, უმუშევრობის დონე დასაქმების თითქმის ყველა სფეროში შემცირდა მრეწველობის გარდა.

აღსანიშნავია, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მაჩვენებელი გასული 4 თვის მონაცემებს შორის ყველაზე დაბალია. ბოლო თვეების განმავლობაში, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მთავარ მიზეზად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ სწორი გადადგმული ნაბიჯები სახელდება.

აშშ-ში უმუშევრობის დონემ 3.5%-ს ბოლოს 1969 წელს მიაღწია.

ქვეყნის ისტორიის მანძილზე უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლი 1944 წელს დაფიქსირდა, როდესაც მან 1.2%-ს მიაღწია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 1933 წელს იყო, როდესაც აშშ-ის მოსახლეობის 24,5% სამსახურის გარეშე დარჩა.

ბექა ბერიაშვილი