დასაქმება 1 ლარად

2014 წლის 5 სექტემბრიდან ”უმუშევართა დასაქმების სააგენტო” მუშაობას იწყებს.

როგორც ”საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი იოსებ ღვარძელაშვილი bpn.ge- თან საუბრისას აღნიშნავს, სააგენტო უმუშევართა დასაქმებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ღვარძელაშვილის თქმით, მან ყველა კომერციულ და სახელმწიფო უწყებას შესთავაზა, გამოეგზავნათ ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ, თუმცა აქამდე მათი მხრიდან პასუხი არ მიუღია.

ამ ეტაპზე ”უმუშევართა დასაქმების სააგენტოს” ვაკანტური ადგილების საინფორმაციო ბაზა არ აქვს. გარდა ამისა, არ აქვს ოფისიც, სადაც დაინტერესებული პირი მისვლას შეძლებს. სააგენტოსთან დაკავშირება სპეციალური ფასიანი ნომრით - 0 900 100 126-ით არის შესაძლებელი. ზარის ღირებულება 1 ლარია. როგორც იოსებ ღვარძელაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ყველა სატელეფონო ხაზი მოწესრიგებული არ არის: ”მიმდინარეობს გადაიარაღება. ყველა სატელეფონო ხაზი ხარვეზების გამო ჩართული არ არის. დღის ბოლოსთვის ეს პრობლემები მოწერიგდება და მსურველები დარეკვას შეძლებენ”.

შეკითხვაზე, თუ რას სთავაზობს ამ ეტაპზე იმ უმუშევარ პირებს, რომლებიც ფასიანი ზარით ორგანიზაციას დაუკავშირდებიან, იოსებ ღვარძელაშვილი პასუხობს, რომ პირველ ეტაპზე მსურველების რეგისტრაცია მოხდება, შემდეგ კი ვაკანსიების მოძიება.

რაც შეეხება ოფისის გახსნას, ღვარძელაშვილის ინფორმაციით, ოფისს მალე ”მეგობარი სპონსორის” დახმარებით გახსნიან. სპონსორის ვინაობას ” საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ამ ეტაპზე არ ასახელებს.

“უმუშევართა დასაქმების სააგენტო” არასამთავრობო ორგანიზაციის, ”საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრის” ბაზაზე შეიქმნა.

თამარ კორკოტაშვილი