საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკს 12 მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის სპეცმანქანა შეემატა. ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მის მოადგილე ზაზა ბოხუას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ პირადად დაათვალიერებინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯიპის ტიპის მანქანები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვისაა გათვლილი და მისი საშუალებით, გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის სპეცგამავლობის მანქანების გადაცემა მთაგორიანი რეგიონებისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.