მთავრობა უახლოეს დღეებში „100 ქონება ბიზნესისთვის“ პრეზენტაციას გეგმავს.
ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების კუთხით საკმაოდ წარმატებით მივდივართ, ჩვენი წლევანდელი საბიუჯეტო ვალდებულება უკვე შევასრულეთ და ახლა გადაჭარბებით შესრულდება. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების საკითხი. ეს არის ძირითადად გაჩერებული საწარმოები, სადაც ბევრი რამე გასაკათებელია. ჯამში, საუბარია, 300-ზე მეტი საწარმოზე, რომელიც ადრე ძველი ვალებით არის დახუნძლული და აღარ ფუნქციონირებს. ანუ რეალურად ეს არის ქონება და თუ გაიყიდება, გაიყიდება როგორც უძრავი ქონება. ამიტომ ეს საწარმოები ჩვენ უნდა მოვამზადოთ, გავასუფთავოთ, რადგან გაჩერებულ საწარმოს და მითუმეტეს ვალებით, ინვესტორი არ იყიდის.
ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით, მომზადებულია პროგრამა „100 ქონება ბიზნესისთვის“, რომლის პრეზენტაციასაც უახლოეს დღეებში ვგეგმავთ. ეს იქნება გასუფთავებული ქონება, მათ შორის ჩვენი რეკომენდაციით თუ რა შეიძლება აშენდეს იქ, რა ნებართვა შეიძლება გაიცეს და ა.შ. ასე ერთიანად მიმზიდველ, დაპაკეტებულ 100 ქონებას გამოვიტანთ და შევთავაზებთ ბიზნესს,“ – აღნიშნა თურნავამ.