საჩხერის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის ოფისი გაიხსნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ოფისი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი.
მათივე ცნობით, შენობაში განთავსებულია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაც, სადაც შესაბამისი კვლევები ჩატარდება.
ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან,სოზარ სუბართან და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა.
ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს უწყობს არსებულ გამოწვევბთან გამკლავებას და მომხმარებლის ინტერსების და ჯანმრთელობის დაცვას.
„საჩხერის მოსახლეობას უკვე შეუძლია თანამედროვე სტანდარტების მომსახურებით ისარგებლოს. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა რეგიონულ ცენტრში გვაქვს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამედროვე სტანდარტის ოფისი. ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტების დონეზე დავიწყეთ, სადაც, სურსათის სამსახურთან ერთად, ჩვენი ლაბორატორიაცაა წარმოდგენილი. თანამედროვე ოფისების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ის გამოწვევები დავძლიოთ, რომელიც მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების ასევე, უვნებელი სურსათის კუთხით გვაქვს. გარდა ამისა, მნიშვენლოვანიამოსახლეობამდე ახალი რეგულაციებისშესახებაც მივიტანოთ ინფორმაცია. ჩვენ გვექნება რეგულარული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ფერმერებთან, რათა რეგულაციების დანერგვა მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს დასოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიოანობა გაიზარდოს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა, სტუმრებთან ერთად,სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკაც დაათვალიერა და საჩხერის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას მავნებლებისგან, საექსპორტო პროდუქციის სერტიფიცირებას.
საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე,სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსიზურაბ ჩეკურაშვილი, სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი,საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წელს სურსათის ერვნული სააგენტოს ახალი ოფისი უკვე გაიხსნა აბაშის მუნიციპალიტეტში. თანამედროვე სტანდარტების ოფისების გახსნა იგეგმება ფოთსა და მესტიაში. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაგეგმილი მომავალ წელსაც.