დანია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს 2040 წლისთვის საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე სრულიად თქვან უარი. ამ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ამ ინიციატივით დანიის სამეფოს კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრი დან იორგენსენი ლუქსემბურგში ევროკავშირის გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ სამიტზე გამოვიდა.
იორგენსენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე უარი რაც შეძლება ადრე უნდა თქვან და არ დაელოდონ 2050 წელს, როდესაც საწვავზე მომუშავე სატრაპორტო საშუალებით სარგებლობა კანონით აიკრძალება.
ამასთანავე, 2018 წლის ოქტომბერში დანიაში მიიღეს კანონი, რომელიც 2030 წლიდან ქვეყანაში საწავაზე მომუშავე ნებისმიერი სახის სატრანპორტო საშუალების გაყიდვას კრძალავს. დანიაში იმედი აქვთ, რომ მათ მაგალითს ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც გაიმეორებენ.
აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების შეჩერება და გარემოს ნაკლები დაბინძურება დღესდღეობით ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. გეგმის მიხედვით, 2030 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფა 40%-ით უნდა შეამცირონ, 2050 წლისთვის ის ნულამდე დაიყვანონ.