"ხანდახან ამ საქმეში ოჯახის რამდენიმე წევრი მონაწილეობს. არის ოჯახები, რომლებიც დღეში 200 კილოგრამ მოცვს აბარებენ"
მაღალმთიან აჭარაში მოცვის კრეფის სეზონია გაჩაღებული, თუმცა არა კულტურული ლურჯი მოცვის, არამედ ალპური ზონის ე.წ. ველური მოცვისა, რომელიც ოდითგანვე მაღალი ღირებულებების კულტურად ითვლება. მაღალმთიანი აჭარის ეკოლოგიურად სუფთა, ალპური მოცვი, რომელსაც აქ წელიწადში დაახლოებით 400 ტონამდე კრეფენ (თუკი ამინდმა ხელი არ შეუშალათ), არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში, არამედ კანადასა და თურქეთშიც იგზავნება როგორც გაყინული, ასევე გამხმარი.
მოცვის შეგროვებითა და ჩაბარებით მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე მეწარმეა დაინტერესებული. ზოგი მათგანი მოცვს ალპურ ზონაშივე იბარებს და მკრეფავებთან ერთად შრომობს, შემდეგ კი ბათუმისა და ქობულეთის საშრობებში გადააქვს. აქ ალპური მოცვი შრება, იფუთება და უცხოეთში იგზავნება. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის მკვიდრი, მეწარმე ჯუმბერ მგელაძე სექტემბრის ბოლომდე აჭარის ალპებშია, მკრეფავებთან ერთად.
- საბჭოთა წარსულში აჭარული მოცვის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო. მოცვისგან უამრავ კულინარიულ პროდუქტს ამზადებდნენ, აგრეთვე სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებდნენ. ის საუკეთესოდ ამარაგებს სისხლს რკინით, აუმჯობესებს მხედველობას. ჩვენ ორი ჯიშის ალპური მოცვი გვაქვს და ორივე საუკეთესოა, თუმცა ჯუჯა მოცვი, რომელიც მთის ყველაზე მაღალ ადგილებში იზრდება, მაინც გამორჩეულია. ის სასწაულია - უმაღლესი კონცენტრაციით შეიცავს შაქარს და, ამავე დროს, ისეთი მუქი წითელია, ჭურჭელსაც კი ღებავს.
ბოლო წლებში ჩვენებური მოცვის ბიზნესი ისე განვითარდა, რომ თითქმის ჩაენაცვლა განადგურებულ ჩაის პლანტაციებს და არა მხოლოდ მას - ალპური მოცვი, ციტრუსისგან განსხვავებით, ექსპორტირებაზე არ ყოვნდება, ევროპის ქვეყნებსა და კანადაშიც კი დაუბრკოლებლად გააქვთ.
იქ, როგორც ვიცი, მისგან, როგორც იშვიათი ეკოლოგიური პროდუქტისგან, წამალს ამზადებენ. მოცვის კრეფა არაერთი ჩვენებური ოჯახის დამატებით შემოსავლად იქცა. 15 აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე ჩვენში მოცვის კრეფაა გაჩაღებული. ხანდახან ამ საქმეში ოჯახის რამდენიმე წევრი მონაწილეობს და ბევრსაც კრეფენ. არის ოჯახები, რომლებიც დღეში 200 კილოგრამ მოცვს აბარებენ. პროდუქციას ადგილზე 3 ლარად ვიბარებთ. ცხადია, ბაზარზე ღირებულება მეტი აქვს, თუმცა ალპური მოცვი, ძირითადად, მაინც უცხოეთში გასაგზავნად იკრიფება. ისეთი ოჯახებიც არის, რომლებიც მოცვს შინ აშრობენ და გამომშრალს აბარებენ. ასეთი პროდუქცია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ნედლი.
იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 7 ოქტომბრის ნომერში