მასობრივი გაღატაკების „იარაღი“ - ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა გასამმაგდა

როცა მოსახლეობის 20% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ანუ დღეში 4 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, როცა 428 608 კაცი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებს და კიდევ 50 ათასი სოციალური დახმარების დანიშვნას ელოდება, როცა სოციოლოგიური გამოკითხვებით საქართველოში დაუსაქმებლად თავს 60%-ზე მეტი მიიჩნევს, როცა ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 189 ლარია, ხოლო საშუალო შემოსავალი ერთ სულზე 318 ლარი, აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე კოლოსალურად, რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება!

მხოლოდ გასულ ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 6,05 მილიარდი ლარიდან 13,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და ეკონომიკის ისეთ მიმართულებებსაც უსწრებს, როგორიც არის მშენებლობა, გადამმუშავებელი მრეწველობა, ენერგეტიკა.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა თითქმის 200-ჯერ გაიზარდა. რადგან ბიზნესი, რომელიც დოვლათს არ ქმნის, კონკრეტულ პროდუქციას არ აწარმოებს, მხოლოდ იღბლის გამოცდას სთავაზობს მომხმარებელს - წლიდან წლამდე სულ უფრო მოგებული რჩება, მარტივი მისახვედრია, რომ შესაბამისად, სულ უფრო მეტად წაგებულია მეორე მხარე - მოთამაშე. მილიარდებთან ერთად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოქალაქეები აგებენ ცხოვრების საუკეთესო წლებს, ახლობლებისა და ოჯახის წევრების ნდობას, საკუთარ თავსა და ზოგჯერ სიცოცხლესაც.

მხოლოდ წლევანდელ იანვარ-ივნისში საქართველოში 200-ზე მეტი სუიციდი აღირიცხა და კიდევ ამდენივე თვითმკვლელობის მცდელობა. მათ შორის უმეტესობა 20-დან 60 წლამდე მამაკაცია. სამწუხაროდ, თამაშდამოკიდებულები ხშირად ფინანსური პრობლემებისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად სიცოცხლისგან გაქცევას ხედავენ.

ამ პრობლემის შესახებ ხელისუფლება დუმს, მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო სათამაშო ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი ონლაინკაზინოებისთვის რეგულაციების დაწესების ინიციატორი. მთავრობის მონდომება კანონპროექტადაც კი იქცა, თუმცა მას პარლამენტში ედება მტვერი. ამასობაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ახალ რეკორდებს ხსნის და მოსახლეობა უფრო ღარიბდება.

როცა დუმილი თანამონაწილეობის ნიშანია

გიორგი კაპანაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: "ეს უკვე საგანგაშო ვითარებაა! ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არა მარტო თანხებს, არამედ ცხოვრებასაც აგებს! ასე თუ გაგრძელდა, ამ სიღარიბიდან და გაჭირვებიდან კიდევ დიდხანს ვერ ამოვალთ. ღარიბი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია, რომ ადამიანები თამაშობენ არა გასართობად, არამედ მოგების მიღების მიზნით - იქნებ გაუმართლოთ და მცირე თანხით მეტი მოიგონ. როგორც წესი, მათი სოციალური და მორალური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება და მოგებული მხოლოდ სათამაშო ბიზნესი რჩება. სახელმწიფოც წაგებულია, რადგან სათამაშო ბიზნესში მოხვედრილი თანხა ეკონომიკაში, ფაქტობრივად, არ ბრუნდება, ეს ბიზნესი მიზერულ თანხებს იხდის ბიუჯეტში. მაგალითად, როცა 2017 წელს ამ ბიზნესის ბრუნვამ 5,6 მილიარდი შეადგინა, ბიუჯეტში მხოლოდ 302 მილიონი ჰქონდათ გადახდილი. ახლაც ასე იქნება, 14 მილიარდიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული მილიონი ექნებათ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის მილიარდები თითქმის მთლიანად ბიზნესს რჩება, მეტწილად კი უცხოურ ვალუტაში კონვერტირდება და ქვეყნიდან გადის, რაც დამატებითი წნეხია ლარზეც და ეკონომიკაზეც. ეს თანხები, ფაქტობრივად, სათამაშო ბიზნესის კომპანიების მფლობელთა ჯიბეში მიედინება.

საინტერესოა, რომ ასეთი კომპანიების მფლობელების უმეტესობას ბიზნესი ოფშორებში აქვთ დარეგისტრირებული ან გატანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, წაგებული ფული პირდაპირ გაედინება ჩვენი ქვეყნიდან.

განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ონლაინკაზინოები, სადაც უამრავი მოზარდია ჩართული. საგანგაშო ის არის, ბავშვები არც მალავენ, რომ ინტერნეტსივრცეში ფულზე თამაშობენ და ვერც ხვდებიან, რომ დიდი პრობლემისა და საფრთხის წინაშე დგანან. მეტიც, მოდურიც გახდა აზარტულ თამაშებში ჩართულობა, რაც დიდწილად აგრესიული რეკლამის დამსახურებაა.

ყველგან და ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით სათამაშო ბიზნესის რეკლამას, რომელიც "ოქროს მთებს" ჰპირდება მოთამაშეებს. არასრულწლოვნებიც უცქერენ ამას და რეკლამის გავლენის ქვეშ ექცევიან. აღარაფერს ვამბობ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეზე, სადაც ყველაზე პოპულარულ საიტებზე, პირველ რიგში, სათამაშო ბიზნესის რეკლამა გვხვდება.

მოკლედ, სათამაშო ბიზნესმა ყველგან შეაღწია - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით დაწყებული, პირადი სივრცით დასრულებული, როცა ტელევიზორთან მოკალათებულს ყველაზე ხშირად სწორედ აზარტული თამაშის რეკლამა გვხვდება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ სახელმწიფო დონეზე არ არის აყვანილი ეს პრობლემა.

ხელისუფლება არაფერს ამბობს იმ საფრთხეებზე, რაც ლუდომანიას უკავშირდება. მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალება უთმობს დროს ამ პრობლემაზე საუბარს, თუმცა ისეც ხდება, რომ ამის შემდეგ თავის ეთერში აზარტული თამაშების რეკლამას უშვებს, რაც, ბუნებრივია, სასიკეთო შედეგს არ იძლევა. აქვე მინდა აღვნიშნო თქვენი მედიაჰოლდინგის სოციალური კამპანია "არ ითამაშო, იცხოვრე!", რომელიც მისაბაძი უნდა იყოს სხვა მედიასაშუალებებისთვის. ასევე ისიც, რომ თქვენ უარი თქვით აზარტული თამაშების რეკლამასა და მისგან მისაღებ შემოსავლებზე. იგივე შემიძლია ვთქვა არასამთავრობო ორგანიზაციებზეც. მხოლოდ რამდენიმე ლაპარაკობს საჯაროდ ამ პრობლემაზე, დანარჩენი კი გაჩუმებულია. ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ თუ აქამდე ვამბობდით, რომ ქვეყანაში აზარტულ თამაშებში ჩართული იყო 500 ათასი კაცი, ახლა მათი რიცხვი 700 ათასამდეა გაზრდილი.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ყველა პრემიერი და ორივე მოწვევის პარლამენტარები აცხადებდნენ, რომ საგანგაშო იყო აზარტულ თამაშებში ჩართულთა რიცხვი და ის შედეგები, რასაც თამაშდამოკიდებულება იწვევდა. უკვე მეხუთე პრემიერი გვყავს, მაგრამ ერთ შემთხვევაში კანონპროექტი საერთოდ არ გასულა პარლამენტში განსახილველად, ხოლო მეორე კანონპროექტი, სადაც რეკლამის შეზღუდვაზეც იყო ლაპარაკი, თუნდაც ალკოჰოლისა და თამბაქოს დონეზე, პარლამენტში დევს და, ალბათ, მტვერი ედება.

აშკარად სათამაშო ბიზნესის ლობის დამსახურებაა, რომ კანონპროექტები პარლამენტის კედლების მიღმა არ გადის. ეს არის ბიზნესი, რომელსაც ყველაზე მაღალი ბრუნვა აქვს ვაჭრობის სექტორის შემდეგ. მათ აქვთ ძალიან დიდი ფულადი რესურსი, შესაბამისად, ახერხებენ ლობირებას და ამის ხარჯზეა, რომ დღემდე ვერანაირი რეგულაცია ვერ მივიღეთ.

საქართველო ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა თავის ანგარიშში, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ზრდის ტენდენცია საგანგაშოა. დარწმუნებული ვარ, სხვა ნებისმიერ საკითხზე რომ გაეკეთებინა ამგვარი შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტს, დიდი აჟიოტაჟი ატყდებოდა, მაგრამ ამ ფაქტმა ისე ჩაიარა, თითქოს არაფერი მომხდარა. კონკრეტული ბიზნესჯგუფების ინტერესებს, საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილის დუმილს თაობები ეწირება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ონლაინკაზინოები და დარწმუნებული ვარ, მთელი ამ ბიზნესის ბრუნვის დიდი წილი სწორედ ონლაინთამაშებზე მოდის. 2006 წელს რომ შევიდა ბოლო კორექტირება კანონში, რომელიც სათამაშო ბიზნესს არეგულირებს, მას შემდეგ არავის გადაუხედავს. არადა, ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ ყველაფერმა ონლაინ- და ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა და ჩვენ კვლავაც იმ ძველი კანონებით ვმოქმედებთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბიზნესი არ არის გამჭვირვალე. როგორ შეიძლება, ამხელა ბრუნვა ჰქონდეს ბიზნესსექტორს და ამ კომპანიების სამართლებრივი ფორმა, მისი ანგარიშვალდებულება შემოსავლების სამსახურთან საცხობისას უტოლდებოდეს. როგორც წესი, ასეთი კომპანიები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად არიან რეგისტრირებული და რა ინფორმაციასაც მიაწვდიან შემოსავლების სამსახურს, ისინიც იმას სჯერდებიან. შემოსავლების სამსახური ვერ ხედავს მათ რეალურ ბრუნვას და შესაძლოა ეს მონაცემი 14 მილიარდზე მეტიც იყოს. ვერც იმას ხედავს, რა ოდენობის თანხებს დებენ ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა აზარტულ თამაშში. არადა, საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ სათამაშო ბიზნესში ფულის გათეთრება ძალიან მარტივია. ეს სრულიად გაუმჭვირვალე ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში ნებაზეა მიშვებული და დარწმუნებული ვარ, ზუსტი აღრიცხვის შემთხვევაში მათი ბრუნვის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება.

რადგან ჩვენმა ქვეყანამ არაფერი გააკეთა ამ ბიზნესში რეგულაციებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადაწყვიტა, თავად გამოითხოვოს ინფორმაცია "საქსტატისა" და "სათამაშო ბიზნესის ასოციაციისგან" არარეზიდენტი პირების ფსონებისა და მათი შემოსავლების შესახებ. როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებასთან რომ ვერაფერი გააწყვეს, გადაწყვიტეს თავად მაინც გაერკვნენ, საერთაშორისო დონეზე ხომ არ ხდება სათამაშო ბიზნესის საშუალებით ფულის გათეთრება. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არაფერი შეიცვლება. ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას არ აინტერესებს, რა წარმომავლობის და რამდენი ფული იდება ფსონზე კაზინოებში და ხდება თუ არა თანხის "გათეთრება". ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულებით მთელი ქვეყანა აზარტულ თამაშებში ჩავიძირებით".

"სათამაშო ბიზნესი "ქართული ოცნების" "შავ სალაროს" აფინანსებს"

ლევან გოგიჩაიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აზარტული თამაშების შესახებ შექმნილი ერთ-ერთი კანონპროექტის ინიციატორი: "ვფიქრობ, ძალიან სახიფათო ზღვარს მივადექით - აზარტულ თამაშებში ჩართულობის მასშტაბი საგანგაშო ნიშნულზეა და, პირდაპირი მნიშვნელობით, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემის წინაშე ვდგავართ, ასეთ დროს კი პასუხისმგებელი პირები, რომელთაც გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი აქვთ და მაინც გულგრილობას იჩენენ, სულ ცოტა, მავნებლობას სჩადიან. ეს არის ბიზნესი, სადაც ადამიანები აგებენ და მერწმუნეთ, ხანგრძლივ პერსპექტივაში მოგებული ამით მხოლოდ სათამაშო ბიზნესი რჩება. ამ ბიზნესის განვითარება პირდაპირპროპორციულად ჩვენი ეკონომიკის უკან დახევას ნიშნავს, უამრავი ადამიანის გაღარიბებას, სახელმწიფო კი მშვიდად უყურებს, რის ფასად გვიჯდება სათამაშო ბიზნესის კეთილდღეობა.

ამ ბიზნესის დაახლოებით 30% ჩრდილშია მოქცეული. ბრუნვის მაჩვენებელი, რომელსაც ეს ბიზნესი სახელმწიფო უწყებებს უგზავნის, მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს რეალურ სურათს. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის რეალური ბრუნვა შესაძლოა 20 მილიარდსაც აღწევს. აღარაფერს ვამბობ ათასობით გაუბედურებულ ოჯახზე, რომლებიც ამ ზომამდე თამაშდამოკიდებულებამ მიიყვანა. მხოლოდ შარშან ზაფხულში სამმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი და წერილი დატოვა, რომ სიცოცხლეს თამაშდამოკიდებულებისა და ამის გამო დაგროვებული ვალების გამო ასრულებდა. ყველა ეს პრობლემა ნაცნობია ხელისუფლებისთვის, მაგრამ ნაბიჯსაც არ დგამს წინ. ასეთი უმოქმედობა ლობიზმის შედეგია, რომელიც პარლამენტის წევრების კი არა, უფრო მაღალ დონეზე წყდება და ივანიშვილის გარემოცვაში უნდა ვეძებოთ. სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ლობი უჩა მამაცაშვილია. სწორედ ის აძლევს ამ ბიზნესს გარანტიას, რომ საკანონმდებლო სივრცეში სათამაშო ბიზნესისთვის სტატუს-კვო დარჩება. შესაბამისად, ეს ბიზნესი უკვე შესულია პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკას აფინანსებს, უფრო კონკრეტულად კი "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, მმართველ პარტიას არა აქვს ინტერესი, ამ ბიზნესს შეზღუდვები დაუწესოს. ეს ბიზნესი უზრუნველყოფს მმართველ პარტიაში ე.წ. შავი სალაროს შევსებას. ამაში დარწმუნებული ვარ.

"შავი სალარო" ის თანხებია, რომლებიც ოფიციალურად არსად აისახება, მაგრამ გამოიყენება სხვადასხვა მიმართულების დასაფინანსებლად, მათ შორის ინტერნეტტროლების, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა აქტივობისთვის და სხვ. როცა მმართველი გუნდის წევრი ვიყავი, შესაძლოა გულუბრყვილოდ ვუყურებდი ამ პროცესს, მეგონა, ჩემი თანაგუნდელებიც ხედავდნენ მას და კონკრეტულ ნაბიჯებსაც ველოდებოდი. მოგვიანებით, როცა მაღალი თანამდებობის პირებმა დაიწყეს მოსაზრებების გამოხატვა, იქნება არ გვეჩქარა, გვეფიქრა, ხომ არ დავეკითხოთ ვინმესო და ა.შ., მივხვდი, რომ იქით, ანუ სათამაშო ბიზნესის მხარეს იყვნენ. ამის შემდეგ იწყებ გაცნობიერებას, რომ ამ ყველაფრის უკან მნიშვნელოვანი ძალა დგას და სიღრმეებში გარკვევის სურვილი გიჩნდება. არც ერთი კანონპროექტი, რომლებიც მთავრობას აქვს პარლამენტში შემოტანილი, არ დევს იმდენ ხანს, რამდენიც სათამაშო ბიზნესის კანონპროექტი დააყოვნეს. რატომღაც არ უჩნდება სურვილი ფინანსთა სამინისტროს, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია. როცა მთავრობასთან განვიხილავდით კანონპროექტს, გახარია აზარტული ბიზნესის მხარეს იყო, ხოლო მამუკა ბახტაძე რეგულაციებს ემხრობოდა. ყველამ იცის, რომ გახარია უჩა მამაცაშვილის კადრია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ ბიზნესს ლობისტები ჰყავს არა პარლამენტში, არამედ პარტიის ხელმძღვანელობაში, ივანიშვილის გარემოცვაში.

ჩვენ რომ თავის დროზე ეს რეგულაციები მიგვეღო, თამაშში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა დღეს დაახლოებით 40%-ით იქნებოდა შემცირებული. თუ არ იქნება საზოგადოების სერიოზული ზეწოლა, ეს პრობლემა გადაულახავი დარჩება. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საპატრიარქოს, რომ აქტიურად განაახლოს ამ საკითხზე თავისი პოზიციის გამოხატვა, რადგან მისი როლი და აზრი მნიშვნელოვანია. ჩვენ შესაძლოა მალე ისეთი ნიშნული გადავლახოთ, რომ დღეს თუ თამაშდამოკიდებულების გამო ადამიანებს ვკარგავთ, ხვალ შესაძლოა ქვეყნის ნდობა დაიკარგოს. ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომის გამო შესაძლოა მაღალი საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში შეგვიყვანონ, რადგან სათამაშო ბიზნესის მასშტაბთან ერთად, ქვეყანაში იზრდება კრიმინალის, "შავი" ფულის, სუიციდის რისკი და ყველაფერი ის, რასაც ებრძვის ცივილიზებული სამყარო".

"ასე ყველაფრის დაბრალება შეიძლება, არგუმენტია საჭირო"

დიმიტრი ხუნდაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: "მე მხარს ვუჭერ კანონს, რომელიც განსაზღვრულ რეგულაციებს უწესებს სათამაშო ბიზნესს. ახალგაზრდებისთვის ეს ძალიან მაღალი რისკის შემცველია, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ მიდის განხილვები, ეტყობა, მეც გამომრჩა, ბოლო დროს არ დავინტერესებულვარ მიზეზებით, თუმცა მიმაჩნია, რომ მუშაობა უნდა გააქტიურდეს. არა მგონია, მაღალ სახელისუფლებო წრეებში სათამაშო ბიზნესს ვინმე ლობირებდეს, მაგრამ შესაძლოა კანონპროექტს ჰყავდეს მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეებიც. ასე ყველაფრის დაბრალება და ყველა გვარისა და სახელის ხსენება შეიძლება. არგუმენტი უნდა ჰქონდეს მას, ვინც ამბობს, რომ ესა თუ ის პირი სათამაშო ბიზნესის ინტერესებს ლობირებს. უნდა დაასაბუთოს, რა აძლევს ამის თქმის საფუძველს. რა შუაშია მამაცაშვილი კანონპროექტთან? მე, მაგალითად, არც ვიცნობ მას".

"სადაც გაიხედავ, სათამაშო სექტორის რეკლამა გხვდება"

გუგა ბესელია, აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი: "დარწმუნებული ვარ, სათამაშო ბიზნესის ბრუნვაში დიდი წილი ონლაინკაზინოებზე მოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბრუნვა ქართველებმა შევქმენით, ამის მიზეზი კი სუსტი საკანონმდებლო ბაზაა და რაც გვაქვს, მისი აღსრულებაც არ ხდება. მაგალითად, კანონმდებლობაში წერია, რომ 18 წლამდე მოზარდის თამაში აკრძალულია ონლაინკაზინოში, თუმცა ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ 14-18 წლის მოზარდების 48% თამაშობს.

თამაშზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სიღარიბეა. საერთაშორისო ლუდომანიის საბჭოს ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური პრობლემები და სიღარიბეა, სათამაშო ბიზნესი უფრო მყარად იკიდებს ფეხს, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკა მდგრადია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, სათამაშო ბიზნესი ჩვენთან ყვავის.

მეორე მიზეზი, რომელიც მნიშვნელოვნად მუშაობს, არის ცნობიერება და განათლება. ამ პრობლემაზე ინფორმაციული ვაკუუმია. კერძოდ, თუ ნარკომანიაზე გვაქვს ინფორმაცია, არსებობს ჩანაცვლების პროგრამები, ლუდომანების შესახებ არც ინფორმაცია გვაქვს და არც საკმარისი სარეაბილიტაციო ცენტრები. რაც გვაქვს, იქაც არასწორი მეთოდებით მიმდინარეობს მკურნალობა.

მესამე ფაქტორია ის აგრესიული მარკეტინგული კამპანია, რასაც სათამაშო ბიზნესი აწარმოებს. ფაქტობრივად, ტრენდად აქცევენ, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი. შედეგად, დღეს სადაც გაიხედავ, სათამაშო სექტორის რეკლამა გხვდება, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე მოქმედებს. საბოლოოდ სათამაშო ბიზნესის ასეთი უკონტროლობა, ბუნებრივია, მოსახლეობის ფსიქიკაზე ნეგატიურად მოქმედებს. მეოთხე სტადიაზე მყოფი ლუდომანის ფსიქიკა უფრო მიდრეკილია სუიციდისკენ, შესაბამისად, თუ ახლა სუიციდის უამრავი შემთხვევა არსებობს, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება - როდესაც მზარდია პრობლემა, მისი შედეგებიც მზარდია. ეს ბრუნვაც ხომ ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულია, რაც კიდევ უფრო გაღარიბებას იწვევს. გამოსავალი საკანონმდებლო ცვლილებებია, თუნდაც პირველ ეტაპზე იმდენი მაინც მოვახერხოთ, რომ მოზარდები და ახალგაზრდა თაობა დავიცვათ ამ მძიმე სენისგან".

P.S. უკვე ხუთი წელია "პალიტრამედიამ" ყველა მის მედიაპლატფორმაზე უარი თქვა სათამაშო ბიზნესის რეკლამის განთავსებასა და შესაბამისად, მისგან მიღებულ შემოსავლებზე. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ სხვა მედიასაშუალებებმაც უნდა გამოიჩინონ კეთილი ნება და უარი თქვან პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირებაზე.

ხელისუფლებამ კი აუცილებლად უნდა გაააქტიუროს მუშაობა ონლაინკაზინოებისა თუ ბეთების რეგულაციებზე, თუნდაც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის, რეკლამის შეზღუდვის მიმართულებაზე, რადგან ლუდომანია უკვე ისე პროგრესირებს, რომ ეს პრობლემა მალე ყველა ოჯახამდე მივა.

წყარო: „კვირის პალიტრა"

ემა ტუხიაშვილი