“პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია,”- ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა, აზარტული თამაშების შესახებ შექმნილი ერთ-ერთი კანონპროექტის ინიციატორმა ლევან გოგიჩაიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როცა კანონპროექტს მთავრობასთან განიხილავდნენ, „გახარია აზარტული ბიზნესის მხარეს იყო, ხოლო მამუკა ბახტაძე რეგულაციებს ემხრობოდა“.
„ამ ბიზნესის დაახლოებით 30% ჩრდილშია მოქცეული. ბრუნვის მაჩვენებელი, რომელსაც ეს ბიზნესი სახელმწიფო უწყებებს უგზავნის, მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს რეალურ სურათს. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის რეალური ბრუნვა შესაძლოა 20 მილიარდსაც აღწევს. აღარაფერს ვამბობ ათასობით გაუბედურებულ ოჯახზე, რომლებიც ამ ზომამდე თამაშდამოკიდებულებამ მიიყვანა. ყველა ეს პრობლემა ნაცნობია ხელისუფლებისთვის, მაგრამ ნაბიჯსაც არ დგამს წინ. ასეთი უმოქმედობა ლობიზმის შედეგია, რომელიც პარლამენტის წევრების კი არა, უფრო მაღალ დონეზე წყდება და ივანიშვილის გარემოცვაში უნდა ვეძებოთ.
სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ლობი უჩა მამაცაშვილია. სწორედ ის აძლევს ამ ბიზნესს გარანტიას, რომ საკანონმდებლო სივრცეში სათამაშო ბიზნესისთვის სტატუს-კვო დარჩება. შესაბამისად, ეს ბიზნესი უკვე შესულია პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკას აფინანსებს, უფრო კონკრეტულად კი "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, მმართველ პარტიას არა აქვს ინტერესი, ამ ბიზნესს შეზღუდვები დაუწესოს. ეს ბიზნესი უზრუნველყოფს მმართველ პარტიაში ე.წ. შავი სალაროს შევსებას. ამაში დარწმუნებული ვარ.
"შავი სალარო" ის თანხებია, რომლებიც ოფიციალურად არსად აისახება, მაგრამ გამოიყენება სხვადასხვა მიმართულების დასაფინანსებლად, მათ შორის ინტერნეტტროლების, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა აქტივობისთვის და სხვ. როცა მმართველი გუნდის წევრი ვიყავი, შესაძლოა გულუბრყვილოდ ვუყურებდი ამ პროცესს, მეგონა, ჩემი თანაგუნდელებიც ხედავდნენ მას და კონკრეტულ ნაბიჯებსაც ველოდებოდი. მოგვიანებით, როცა მაღალი თანამდებობის პირებმა დაიწყეს მოსაზრებების გამოხატვა, იქნება არ გვეჩქარა, გვეფიქრა, ხომ არ დავეკითხოთ ვინმესო და ა.შ., მივხვდი, რომ იქით, ანუ სათამაშო ბიზნესის მხარეს იყვნენ. ამის შემდეგ იწყებ გაცნობიერებას, რომ ამ ყველაფრის უკან მნიშვნელოვანი ძალა დგას და სიღრმეებში გარკვევის სურვილი გიჩნდება.
არც ერთი კანონპროექტი, რომლებიც მთავრობას აქვს პარლამენტში შემოტანილი, არ დევს იმდენ ხანს, რამდენიც სათამაშო ბიზნესის კანონპროექტი დააყოვნეს. რატომღაც არ უჩნდება სურვილი ფინანსთა სამინისტროს, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა განიხილოს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი გახარია სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების დაწესების წინააღმდეგია. როცა მთავრობასთან განვიხილავდით კანონპროექტს, გახარია აზარტული ბიზნესის მხარეს იყო, ხოლო მამუკა ბახტაძე რეგულაციებს ემხრობოდა. ყველამ იცის, რომ გახარია უჩა მამაცაშვილის კადრია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ ბიზნესს ლობისტები ჰყავს არა პარლამენტში, არამედ პარტიის ხელმძღვანელობაში, ივანიშვილის გარემოცვაში.
ჩვენ რომ თავის დროზე ეს რეგულაციები მიგვეღო, თამაშში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა დღეს დაახლოებით 40%-ით იქნებოდა შემცირებული. თუ არ იქნება საზოგადოების სერიოზული ზეწოლა, ეს პრობლემა გადაულახავი დარჩება,“-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.