გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, 22- წლიანი წყვეტის შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში დღეს პირველად ჩამოვიდა.
„საქართველოს არ ჰყავს ხელსაყრელი სამეზობლო, არ არის მარტივი გეოგრაფიული მდებარეობა, მე ხვალ თავად მივემგზავრები ადმინისტრაციული საზღვრისკენ. ეს არის პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ვიზიტი, მაგრამ მე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არაერთხელ ვსტუმრობდი საქართველოს. თუ სწორად ჩავხედე ისტორიას, 22 წლის წინ შედგა საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი. დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხის, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო. გერმანია არამხოლოდ თვალს ადევნებდა ამას, არამედ იყო აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოსი ამ გზაზე. ის, რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში, ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ, ეს არის მართლაც სამაგალითო. ჩვენ ასევე გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა თბილისსა და ბერლინში, თუ გერმანიასა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დიდი წარმატებით ჩაიარა 2017-2018 წლებში საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელმა. ძალიან ბევრი ავტორი წარმოჩინდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექსტში. დღესდღეობით გერმანულ გაზეთსა თუ ჟურნალში ბევრი იწერება საქართველოზე, ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე, სვანეთში მოგზაურობის შემოთავაზებაზე, კახეთში რთველში დასწრებაზე. სწორედ, ის შედეგი დგება - საქართველო გერმანელი ტურისტებისთვის არის მიმზიდველი და დარწმუნებული ვარ, გაიზრდება მომავალ წელს ტურისტების რაოდენობა საქართველოში,“ - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
მისივე თქმით, მოხარულია ქართველი სტუდენტების გერმანიაში ვიზიტითაც.
„საქართველო არის და რჩება ძალიან მიმზიდველ ადგილად და ქვეყნად გერმანელი და არა მხოლოდ გერმანელი ინვესტორებისთვის. ჩვენ ბუნებრივია დუალური პროფესიული განათლების გამოცდილება გაგვაჩნია და მზად ვართ გერმანული გამოცდილება გაგიზიაროთ ნებისმიერ ფორმატში. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების, შემდგომ განახორციელა შიდა რეფორმები, ის ორიენტურებულია ევროპაზეც. მერწმუნეთ, გერმანია ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს შემდგომი რეფორმების პროცესში,“ - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.